მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი „შავ სიაში“ მყოფ სოციალურად დაუცველ პირებს დავალიანებას „ქართუსგან“ კომპენსაციის მიღების გარეშე ჩამოაწერენ.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მისო-ების ასოციაციის თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ამ ინიციატივას 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიარებს, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
„12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან, დავალიანება ფონდი „ქართუს“ კომპენსაციის გარეშე გაუნულონ. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეთა რა რაოდენობაზეა საუბარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იზრდება იმ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ამ ინიციატივას შემოუერთდებიან. ამის მიზეზი კი ის საშეღავათო პირობაა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სიტყვიერი თანხმობა უკვე გვაქვს, რომ მომზადდება გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა თანახმადაც, „შავ სიაში“ მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შემთხვევაში ორგანიზაციები არ დაიბეგრებიან,“-აღნიშნავს შენგელია.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დათანხმდა ფონდ „ქართუს“ შეთავაზებას, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისგან სასესხო დავალიანების შესყიდვას გულისხმობს, ბესო შენგელია აცხადებს, რომ ორშაბათის, 3 დეკემბრის მდგომარეობით „ქართუსთან“ შეთანხმება 8 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა მიღწეული. მაგრამ ასოციაციის თავმჯდომარე იქვე დასძენს, რომ ამ ორგანიზაციათა რაოდენობაც იზრდება.
შეგახსენებთ, რომ დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 ათას ადამიანს შეეხება, აქედან 150 ათასამდე ადამიანი კი სოციალურად დაუცველია. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად ჩამოიწერება.