აბაშის მუნიციპალიტეტში ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
ინვესტიციის განხორციელებას საუდის არაბეთი აპირებს.
ამის შესახებ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის ლევან მაკალათიასა და საუდის არაბეთის სამეფოს დელეგაციის წევრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრაზე მხარეებმა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ოთარ დანელიას განცხადებით, დელეგაციის წარმომადგენლების ძირითად ინტერესს სოფლის მეურნეობა, ეკოტურიზმი და აგროტურიზმი წარმოადგენს. ისინი ამ მიმართულებით აბაშის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტუმრები იანვარში აბაშის მუნიციპალიტეტს ეწვევიან, სადაც დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა.