საქართველოში მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ უძრავი ქონების გაქირავება წარმოადგენს.
ბიზნესი კიდევ უფრო შემოსავლიანი მაშინ ხდება, როდესაც უძრავი ქონება ზამთრის ან ზაფხულის რომელიმე კურორტზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ ადამიანები ცდილობენ, საკუთარი დასვენებისთვის და შემდეგ გასაქირვებლად ბინა რომელიმე საკურორტო ზონაში შეიძინონ.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს უძრავი ქონება ზამთრის კურორტებზე და რამდენად მოთხოვნადია.
სპეციალისტების შეფასებით, ბოლო წლებში ზამთრის კურორტზე ბინის შეძენის მსურველების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, განსაკუთრებით მოთხოვნადი კი ბაკურიანი და გუდაურია, რომლებიც ბოლო წლებში ოთხივე სეზონზე მოთხოვნადი გახდა.
როგორც პორტალი ss.ge-ზე ვგებულობთ, ყველაზე ძვირი უძრავი ქონება გუდაურშია, სადაც ერთი კვადრატული ბინის ფასი მინიმუმ 1000 დოლარია და მისი მდგომარეობის მიხედვით ფასიც იზრდება. რაც შეეხება მიწას, როგორც ვებ-გვერდზე დადებული გაცხადებებიდან ვგებულობთ, ყველაზე მინიმალური ფასი 35 დოლარია.
გუდაურისგან განსხვავებით ბაკურიანში ბინის ფასი შედარებით ნაკლებია, ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადებებიდან მინიმალური ფასი კვადრატულზე 700 დოლარიდან იწყება, ხოლო კერძო სახლი შესაძლოა 550 დოლარადაც ნახოთ. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს - 35-40 დოლარი ღირს.
მესტიაში, რომელიც ასევე ბოლო წლებში მეტად პოპულარული კურორტი გახდა, კერძო სახლში ერთი კვადრატული მეტრის ფასი 500 დოლარიდან იწყება, მიწის ერთი კვადრატული მეტრის ფასი კი 70 დოლარია.
რაც შეეხება ბეთანიას, ის ნაკლებად მოთხოვნადია, თუმცა კვადრატული მეტრის ფასი არც ისე დაბალია. თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე ზამთრის კურორტზე კერძო სახლის ფასი მინიმუმ 600 დოლარიდან იწყება. მიწის ფასი კი ყველაზე მინიმალური 10 დოლარიც კი ღირს.
დეველოპერულ კომპანია „რედკოში“, რომელიც საკურორტო ზონებში აპარტამენტებს აშენებს, აცხადებენ, რომ ბოლო წლებში გუდაურსა და ბაკურიანში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მათივე თქმით, მყიდველების 60% კი უცხოელები არიან.
„ბაკურიანსა და გუდაურში ბინის შეძენაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, უფრო მოთხოვნადი ადგილები ხდება, აქედან გამომდინარე რეალიზაციაც გაიზარდა. ბინის ფასი ძალიან ბევრ დეტალზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენთან ფასი 1200 დოლარიდან იწყება.
რაც შეეხება მყიდველს, 40% ქართველები არიან, დაახლოებით 40% დსთ-ს ქვეყნებიდან, ხოლო 20% შერეულია, ანუ ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. როგორც წესი, ქართველები უპირატესობას ძირითადად შიდა განვადებას ანიჭებენ. უცხოელები კი როგორც სესხს, ასევე განვადებასა და პირდაპირ გადახდას.“ - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „რედკოს“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა კატია აბსანძემ
მისი თქმით, მოთხოვნა განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როდესაც საკურორტო სეზონი ახლოვდება.
„სეზონი, რაც უფრო ახლოვდება, გაყიდვების პროცენტულობა უფრო მაღლა იწევს, თუმცა გუდაური ოთხივე სეზონის კურორტი ხდება, ამიტომ ზაფხულშიც მოთხოვნადია“, - განაცხადა აბსანძემ.
ლიკა ამირაშვილი