საქართველოში საგზაო ბიტუმისა და გათხევადებული აირების მოხმარება მცირდება, საავიაციო ნავთის - იზრდება. ამის შესახებ აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,0 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,6 ათასი ტონა, რაც 8,7 ათასი ტონით ანუ 10,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 55,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი - 28,7 ათასი ტონა (31,0%) და სხვა.
კავშირის ინფორმაციის მიხედვით, საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას.
„2018 წლის ნოემბერში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,4 ათასი ტონა, რაც 5,1 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (15,5 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 93,6 ათასი ტონა, რაც 5,2 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 99,1% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.
სანავთობო ბიტუმი ძირითადად გამოიყენება გზების მშენებლობაში. იმპორტის კლება პირდაპირ უკავშირდება შედარებით ნაკლები მოცულობის საგზაო სამუშაოების შესრულებას გასულ წელთან შედარებით.
2018 წლის ნოემბერში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,9 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (1,1 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 12,8 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ანუ 6,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
LPG გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით, ავტომობილების გამართვისათვის და სამრეწველო დანიშნულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საავტომობილო დანიშნულებით აღნიშნული პროდუქტის მოხმარება იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა (დაახლოებით 4 ათას ერთეულამდე), რომლებიც თხევად აირზე მოძრაობს და ამავე დროს გაზრდილია გაზგასამართი სადგურების რაოდენობა ქვეყანაში, საერთო ჯამში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და მოხმარება მცირდება.