ქვეყანაში დემპინგის პრობლემამ ახალი ძალით იჩინა თავი.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამ ეტაპზე 1 ღუმელს აჩერებს, ახალი წლიდან კი მეორის გაჩერებასაც გეგმავს, რაც 2 000 ადამიანს დატოვებს უსამსახუროდ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიზეზი კი დემპინგურ ფასში ირანიდან შემოტანილი არმატურაა. მსგავსი პრობლემა ჰქონდათ ცოტა ხნის წინ „აგარის შაქარს" და ცემენტის მწარმოებლებს.
საქართველოში არაჯანსაღი კონკურენცია თანდათან პიკს უახლოვდება. ცემენტის ქარხნების, აგარის შაქრის, აზოტისა და სხვა მწარმოებლების შემდეგ დემპინგური ფასების პრობლემა ამჯერად რუსთავის მეტალურგიასაც შეეხო. შპს „რუსთავის ფოლადი" უახლოეს დღეებში ერთ ღუმელს აჩერებს და იანვარში მეორის გაჩერებასაც გეგმავს. მიზეზი ირანიდან შემოსული იაფფასიანი არმატურაა, რაზეც ქარხნის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს და უშედეგოდ ცდილობს მთავრობის ყურადღების მიქცევას.
სწორედ ხელისუფლების მხრიდან საკითხის მოგვარების გაჭიანურება შეიძლება გახდეს 2000 ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვისა და, შესაბამისად, უმუშევრად დარჩენის მიზეზიც.
მთელი წლის განმავლობაში რუსთავის ფოლადი არსებული პრობლემების შესახებ ღიად საუბრობდა და შესაბამის უწყებებს რეაგირებას სთხოვდა, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.
დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი რუსთავის მეტალურგიის პრობლემებს განიხილავს. კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ანტიდემპინგური კანონის მიღება აუცილებელია.
„სიგნალი იმის თაობაზე, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მძიმე მდგომარეობაშია, უკვე მივიღეთ. მაშინვე ჩავერთეთ ამ საქმეში და საკომიტეტო მოსმენის შემდეგ უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება. მთავრობის მხრიდან 15 იანვარი დასახელდა თარიღად, როცა ამ ტიპის არმატურის იმპორტის აკრძალვა შესაძლებელი იქნება, თუმცა იქამდე შესაძლოა, ძალიან დიდი ოდენობით საქონელი შემოვიდეს ქვეყანაში და შემდეგ ამ აკრძალვას აზრი საერთოდ აღარც კი ჰქონდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმის კურსში ვიყოთ ამის შესახებ, ასევე, აქვს თუ არა ქარხანას რესურსი, შეზღუდვის ამოქმედებამდე გაუმკლავდეს პრობლემებს.
მე პირადად ვაპირებდი ანტიდემპინგური კანონპროექტის ინიცირებას. მისი მიღება საჭიროა, თუმცა მივიღე ეკონომიკის სამინისტროსგან სიტყვიერი დასტური, რომ ისინი გააკეთებენ ამას. შესაბამისად, მოლოდინში ვარ. ხვალინდელ შეხვედრაზე ამ საკითხსაც შევახსენებ და მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე წარმოადგინონ ეს კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე თავად გავხდები ინიციატორი. კანონის დეტალებზე შეიძლება ვიმსჯელოთ, მისი ამოქმედების წესები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერაა დადგენილი", - აცხადებს კაკულია.
სანამ მთავრობა და პარლამენტი ვერ თანხმდებიან, ვინ მოახდენს კანონის პროექტის ინიცირებას, ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩენის მოლოდინში არიან. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე აქცენტს სვამს ნაციონალური ბიზნესის ხელისუფლების მხრიდან დაცვის აუცილებლობაზე. როგორც კი კერძო სექტორი მსგავს დარღვევაზე იწყებს საუბარს, ხელისუფლების ყურადღება მყისიერი უნდა იყოს.
„როდესაც რომელიმე მსხვილი თუ საშუალო კომპანია აცხადებს დემპიგის შესახებ, მყისიერად უნდა მოხდეს აღნიშნული აქტის კვლევა და შესწავლა. ყველა თვალნათლივ ხედავს, დემპინგის თანმდევი შედეგები როგორი დამაზიანებელია როგორც საწარმოებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.
მთავრობამ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების ამაღლების კვალდაკვალ უნდა დაიცვას ადგილობრივი წარმოების ინტერესებიც. ამ მიზნით უნდა გატარდეს ანტიდემპინგური ღონისძიებები, აქტიურად გამოიყენონ კვოტები, ტარიფები, საბაჟო გადასახადები. საჭიროების შემთხვევაში შეღავათების დაწესებითა და სუბსიდირებით კომპანიებს უნდა შეუნარჩუნო კონკურენტუნარიანობა ბაზარზე.
სამწუხაროდ, ქვეყანაში ანტიდემპინგურ კანონზე საუბარი წლებია, გრძელდება, თუმცა აღნიშნული საკითხი კვლავ ღიად რჩება. კანონის მიღება ერთი პრობლემაა, რომელიც შედარებით მარტივად გადასაჭრელია, მაგრამ გაცილებით დიდ პრობლემას ვხედავ აღმასრულებელი ინსტიტუტის შექმნასა და ფორმირებაში, რომელმაც უნდა იტვირთოს ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარება.
ახალი ამბავი არ არის, რომ ძლიერი ინსტიტუტები ქვეყანაში ქმნიან კონკურენტული უპირატესობის მდგომარეობას, რასაც უფრო დიდი მოცულობის ეკონომიკური დივიდენდები მოაქვს, ვიდრე დღესაა", - აცხადებს „რეზონანსთან" აბულაძე.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"