გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს ეკონომიკას DCFTA-დან გამომდინარე სერიოზული შესაძლებლობა ეძლევა

DCFTA-დან (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) გამომდინარე საქართველოს ეძლევა ძალიან სერიოზული შესაძლებლობა, მაგრამ ასევე გასატარებელია რეფორმები მთელი რიგი მიმართულებით.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რომლის ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ამ მიმართულებით უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო, მოგვესმინა ინფორმაცია თუ რას ფიქრობენ ექსპერტები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან სხვადასხვა ფორმით კონკრეტულ კომპანიებთან. ცხადია, საქართველოს ეკონომიკას DCFTA-დან გამომდინარე ეძლევა ძალიან სერიოზული შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს ჩნდება ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მათ შორის რეფორმების პროცესი, მთელი რიგი მიმართულებით და აღნიშნულთან დაკავშირებით მოვისმინეთ ექსპერტთა ძალიან საინტერესო მოსაზრებები, შეხედულებები და ინიციატივები, რომელსაც ბუნებრივია, გავაანალიზებთ", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.