რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა, იანვრიდან მუშაობა შეწყვიტოს.ამის თაობაზე ,,ინტერპრესნიუსისათვის“ საწარმოში დასაქმებულებისგან გახდა ცნობილი.
მათი ინფორმაციით, პირველი ღუმელი ქარხანაში სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაჩერდება, მეორე კი იანვრის დასაწყისში და სრულად მუშაობას კი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 15 იანვარს შეწყვეტს. არსებული ინფორმაციით, სამუშაო ადგილს ქარხანაში დასაქმებული 2000 ადამიანი დაკარგავს.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკითხს საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხს დღეს კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
„მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მძიმე მდგომარეობაშია და მაშინვე ჩავერთეთ ამ საქმეში. სასწრაფოდ, საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ჩავნიშნეთ, რომელიც დღეს გაიმართება. სხდომაზე უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება ქარხანაში შექმნილი მდგმარეობის შესახებ და ვიმსჯელებთ, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი. როგორც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მოადგილე, დღეს ჩემთვის ნომერ პირველი საკითხი დღის წესრიგში ეს გახლავთ. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და განვითარება. ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის კი მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ მოგვიწევს მაქსიმალური ძალისხმევა ამ შემთხვევაშიც, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევა და ქარხანა არ გაჩერდეს და არ მოხდეს თანამშრომლების დათხოვნა სამსახურებიდან“, -აცხადებს გიორგი ბეგაძე.
ქარხნის გაჩერებასთან დაკავშირებით საწარმოს ხელმძღვანელობას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.