„ომეგა ჯგუფს" დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს,- ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოსგან მოითხოვენ, რომ შეწყდეს "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყოვნებლივ გაიცეს აქციზური მარკები, რათა კომპანიამ აღადგინოს და შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო პროცესი.
„როგორც სამი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განვაცხადეთ, სამკვირიანი მუშაობის შემდეგ, „ომეგა ჯგუფის" საწარმო კიდევ ერთხელ გააჩერეს და ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, საწარმოს ხელოვნურად გაჩერება კვლავაც აქციზური მარკების უკანონოდ არ მიცემით განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანია "სიქფა სოლუშენ ჯორჯიას" დღემდე ჩვენ არც ერთ წერილზე არ გუციათ პასუხი და არ განუმარტავთ, თუ რატომ გააუქმეს მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ჩვენს მიერ განთავსებული და იმავე დღეს შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული შეკვეთა აქციზურ მარკებზე და რატომ არ მოგვაწოდეს დადასტურებული შეკვეთით გათვალისწინებული აქციზური მარკების ნომინალის გადასახდელად საჭირო ინვოისი. არც შემოსავლების სამსახური და არც მისი კონტრაქტორი არ გვცემენ პასუხს და არ გვეუბებიან, რას ელოდებოდნენ 12 ნოემბრიდან 18 დღე, როდესაც დადასტურებული შეკვეთის შესაბამის ინვოისს არ გვაწვდიდნენ", - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
მისივე თქმით, "ომეგა ჯგუფის" მიერ 3, 5 და 6 დეკემბერს განთავსებული 4 შეკვეთიდან დღემდე არც ერთი შეკვეთის დადასტურება არ მომხდარა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შპს „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" უკანონო ქმედებებით კიდევ უფრო მყარდება ჩვენი ვარაუდი: "ომეგა ჯგუფის" საწარმოს მუშაობის პარალიზება არის ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება იმიტომ, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანებისთვის ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში და საკუთარი ღირსების შემლახველი განცხადების გაკეთებას. აღნიშნული ვარაუდის მყარ საფუძველს წარმოადგენს ისიც, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა აღადგინა „ომეგა ჯგუფისთვის“ აქციზური მარკების მიწოდება და იმავე დღეს ფინანსთა სამინისტრომ "ომეგა ჯგუფის" კომპანიების დირექტორებთან შეხვედრისას მოულოდნელად შემოგვთავაზა საგადასახადო შეთანხმების თავისი პირობები, რომლებიც გაცილებით ხელსაყრელი იყო, ვიდრე ის, რასაც "ომეგა ჯგუფი" მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ "ომეგა ჯგუფის" თამბაქოს წარმოებამ დროულად და სრულად დაფარა მიმდინარე გადასახადები და ამ დროისთვის მიმდინარე გადასახადებში დავალიანება არ ერიცხება, მაგრამ "ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა არ გააკეთა ზემოხსენებული განცხადება, შემოსავლების სამსახურმა ყოვლად უსამართლოდ შეწყვიტა კომპანიისთვის აქციზური მარკების მიწოდება, ხოლო ფინანსთა სამინისტრო კი დადუმდა მათ მიერ შემოთავაზებული საგადასახადო შეთანხმების შესახებ", - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
მისივე თქმით, 2017 წლის მაისიდან მოყოლებული "ომეგა ჯგუფის" საწარმო უკვე მეოთხედ გააჩერეს და 1500 ადამიანს არ ეძლევა მუშაობის საშუალება.