მაიკლ ბლუმბერგმა შესაძლოა, Bloomberg-ი გაყიდოს

Bloomberg-ის დამფუძნებელი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი სააგენტო Bloomberg-ის გაყიდვას ან მისი ნდობის ფონდისთვის გადაცემას გეგმავს.ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მილიარდელი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას საბოლოოდ გადაწყვეტს. ამის შესახებ რადიო lowa- სთან ინტერვიუში თავად მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომლის ქონებაც forbes-ის რეიტინგში 46, 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

როგორც ბლუმბერგმა აღნიშნა, მის ასაკში (76 წლის), ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება ლოგიკურია.

„როდესღაც ჩვენ ყველა მოვკვდებით, ამიტომ უმჯობესია ამის გაკეთება მოასწრო, სანამ ცოცხალი ხარ“,-განაცხადა მილიარდელმა.

CNBC-ის წყაროს ინფორმაციით კი, თუ ბლუმბერგი მიხვდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ვერ გახდება, ბიზნესს არ გაყიდის.

მათივე ცნობით, საინფორმაციო სააგენტოს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, Bloomberg-ი შესაძლოა, 40 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Bloomberg-ის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. CNBC -ის ინფორმაციით კი, Bloomberg-ის შეძენის მსურველის მოძიება ძალიან გართულდება.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ბლუმბერგმა პარტიის შემადგენლობა შეცვალა და დემოკრატი გახდა. როგორც გამოცემა Financial Times აღნიშნავდა, ამის მიზეზია ის, რომ მილიარდელი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

იმ დროისთვის ბლუმბერგს უკვე 78 წელი შეუსრულდება და ეს იქნება მისი უკანასკნელი შანსი, რომ გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ, მაიკლ ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად გეგმავდა. ბოლო მომენტში მან გადაიფიქრა, რადგან თვლიდა, რომ ის ტრამპის კონკურენტების ხმას მიიღებდა. მიუხედავად ამისა, ტრამპმა არჩევნები მაინც მოიგო.

ახლა უკვე რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ტრამპმა ბლუმბერგი თავად დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს.

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი მილიარდელმა 1981 წელს დააარსა. მისი სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. Forbes-ის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, სააგენტოში 19 000 ადამიანი მუშაობს და კომპანიის წლიური შემოსავალი 9,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბოლოს Bloomberg-ის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია 2006 წელს გავრცელდა, როდესაც მაიკლ ბლუმბერგი ნიუ-იორკის მერობისთვის ემზადებოდა. მაშინ გამოცემა The New York Times სავარაუდო მყიდველებად რამდენიმე კერძო კომპანიას ასახელებდა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია თავად ბლუმბერგმა კატეგორიულად უარყო.

ნინი ქეთელაური