მას შემდეგ რაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, მოგზაურობის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.თუმცა, სხვა ქვეყნების მონახულებას, სიამოვნებასთან ერთად შესაძლოა, გაუთვალისწინებელი პრობლემებიც მოჰყვეს: რეისის დაგვიანება, გადადება, გაუქმება, უცხო ქვეყანაში დაგეგმილზე მეტხანს ჩარჩენა და ა.შ.
ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც რეისის სამი საათით და მეტით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრს ავიაკომპანიისგან კომპენსაციიის მიღების უფლება აქვს. კომპენსაციის მისაღებად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებმა ან დამოუკიდებლად უნდა მოაგვარონ პრობლემა, ან მიმართონ ფირმებს, რომლებიც ამ საკითხში კარგად ერკვევიან.
flyback.ge - ასე ქვია ერთ-ერთ ქართულ კომპანიას, რომელიც სწორედ კომპენსაციის მიღებაში დახმარებას და ავიაკომპანიასთან შუამავლობას სთავაზობს მოგზაურებს. თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნულ კომპანიას რამდენიმე ათეული ადამიანი მოტყუებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "მოგზაურთა კლუბის" წევრები ავრცელებენ. AMBEBI.GE რამდენიმე მათგანს ესაუბრა.
ლიკა ნუცუბიძე ყვება, რომ მაისში ქუთაისი-პარიზის ფრენა დაგვიანდა. "ვიზეარმა" რეისი ხუთი საათის დაგვიანებით შესრულდა. ფრენიდან ერთ კვირაში კი ლიკამ კომპენსაციის მოთხოვნაზე განაცხადი flyback.ge-ს დახმარებით შეავსო. კომპანიაში საქმის მოგებასა და კუთვნილი თანხის მიღებას დაჰპირდნენ, თუმცა მრავალი მიმართვის და სამართალდამცავ უწყებაში ჩივილის შედეგად, ცოტა ხნის წინ ლიკას კუთვნილი 2 700 ლარიდან მხოლოდ 899 ლარი ჩაერიცხა.
"flyback.ge-ის შესახებ სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია. ორ ბავშვთან ერთად ვიმგზავრე, შესაბამისად განაცხადი შევავსე სამი ადამიანის კომპენსაციის მოთხოვნით. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ამ თანხის მცირე ნაწილი მაინც ჩაერიცხათ. სრულად ამ დრომდე არ მიმიღია კუთვნილი კომპენსაცია. გარკვეული ხნის შემდეგ კომპანიას მოვთხოვე გაეუქმებინათ ჩემი ხელშეკრულება, რაშიც ასი ევროს გადახდა მომთხოვეს. მითხრეს, რომ მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ საქმე და ამ თანხას გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.
მერე ვთხოვდი, მოეცათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გააკეთეს, რაზეც არანაირი პასუხი არ მიმიღია. 10 ოქტომბერს მომწერეს ავიაკომპანიასთან საქმის მოგების შესახებ. თუმცა, ისიც აღნიშნეს, რომ თანხის ჩარიცხვისთვის 4 კვირა დასჭირდებოდათ. მას შემდეგ დათქმულ დროზე ბევრად მეტი გავიდა, თუმცა თანხა ისევ არ მიმიღია. ის ნაწილიც, რაც ჩამირიცხეს იმის შედეგია, რომ პოლიციაში განვაცხადე და კომპანიის დამფუძნებელი საბა მიგრიაული განყოფილებაში დაიბარეს" - გვითხრა ლიკა ნუცუბიძემ და დასძინა, რომ "მოგზაურთა კლუბში" ბევრი ადამიანი აღმოაჩინა, რომელთაც მასავით მოექცნენ და კომპანიას არაერთი მგზავრის ნაცვლად აქვს "ვიზეარისგან" თანხა აღებული.
კომპენსაციის ამომღებ კომპანიასთან ურთიერთობის მსგავსი გამოცდილება აქვს კიდევ ერთ მგზავრს, ნანუკა ხაჭაპურიძესაც.
"მარტში მივფრინავდი ქუთაისის აეროპორტიდან, მაგრამ "ვიზეარმა" დააგვიანა რამდენიმე საათით. მოგვიანებით, საბა მიგრიაულის პოსტიდან გავიგე, რომ ანალოგიური შემთხვევებისას მგზავრს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს. რადგან ჩავთვალე, რომ პირდაპირ ავიაკომპანიასთან ურთიერთობა გამიჭირდებოდა, მივმართე სწორედ საბას კომპანია flyback.ge-ს.
5 ოქტომბერს მივიღე ელექტრონული ფოსტა, სადაც ეწერა, რომ "ვიზეარმა" თანხა ჩაურიცხა კომპანიას და თანხის ჩემს ანგარიშზე ჩასარიცხად მთხოვეს რეკვიზიტები. რა თქმა უნდა, გადავუგზავნე და ცოტა ხანში მიპასუხეს რომ თანხის გადმოგზავნა მოხდებოდა ოთხ კვირაში. მას შემდეგ ოთხი კვირაც გავიდა და მალე ორი თვეც შესრულდება, თუმცა თანხა ამ დრომდე არ ჩაურიცხავთ. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ოთხი ადამიანის განაცხადი გვქონდა შევსებული და აქედან ერთს სრულად ჩაერიცხა, ერთს 30 ევრო დააკლდა. ორი კი ამ დრომდე უშედეგოდ ველოდებით კომპენსაციას" - გვითხრა ნანუკა ხაჭაპურიძემ.
AMBEBI.GE მგზავრების პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, flyback.ge-ს დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა, საბა მიგრიაულმა განაცხადა, რომ თანხების ჩარიცხვის დაგვიანება მათი პრობლემა არ ყოფილა და გამოწვეული იყო საერთაშორისო გადარიცხვების კომპანია TrasnfeeWise-ით.
"როცა ერთდროულად დიდი ოდენობის კომპენსაციები გაიგზავნა, მოხდა სისტემური ხარვეზი და ამიტომ კომპენსაციების მხოლოდ ნაწილი ჩაირიცხა მომხმარებლების ანგარიშზე. ხოლო მას შემდეგ, რაც გამოსწორდა ხარვეზი, ანუ 29 ნოემბერს, დაიწყო თანხის გაგზავნა მომხმარებლების ანგარიშზე და ეტაპობრივად ყველა მომხმარებელი იღებს კომპენსაციას. მათ გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ არ მიუღია კომპენსაცია, თუმცა უახლოეს დღეებში მათ ანგარიშებზეც აისახება კუთვნილი თანხა.
რაც შეეხება იმას, რომ თანხა ნაკლები ჩაირიცხა, ეს არ წარმოადგენს სიმართლეს. ჩვენი მომსახურების საფასურია კომპენსაციის 25%, რომელიც მხოლოდ კომპენსაციის მიღების შემდეგ აკლდება თანხას. ხოლო მომხმარებლებმა მიიღეს კომპენსაციის ზუსტად 75%. ამას თავისთავად დააკლდა ტრანზაქციის საკომისიო, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება" - განაცხადა საბა მიგრიაულმა.
ჩვენ TrasnfeeWise-საც მივწერეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა საერთაშორისო გადარიცხვების კომპანიაში ხარვეზის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მოგვიანებით, ამ არგუმენტის საპასუხოდ, საბა მიგრიაულმა განაცხადა, რომ ხარვეზი ჰქონდა მათ ანგარიშს TrasnfeeWise-ს სისტემაში და არა მთელ პლატფორმას.
ამასთან, მისივე ფეისბუქ-პოსტიდან ირკვევა, რომ შექმნილი ვითარების გამო, კომპანია მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან 25-ის ნაცვლად 15%-ს აიღებს. თუმცა მოტყუებული მგზავრები ამბობენ, რომ flyback.ge-მა არც ეს პირობა შეასრულა. განაგრძეთ კითხვა