2018-2020 წლებში საქართველოში 200-ზე მეტი ახალი სასტუმრო გაიხსნება

2018-2020 წლებში საქართველოში 210-მდე ახალი სასტუმრო აშენდება. შედეგად ქვეყანაში ტურისტთა და შიდა ვიზიტორთა განთავსებისთვის 21 500-ით მეტი საწოლი ადგილი გაჩნდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში თბილისში დაგეგმილია 65 სასტუმროს მშენებლობა.

დედაქალაქში 2018 წელს უნდა დასრულდეს ბრენდული სასტუმროების - Hilton Garden Inn-ის, Radisson Park Inn-ის, Radisson BLU Telegraph-ის, Pullman Hotels & Resorts-ის, Holiday Inn Express-ის და Wyndham Grand-ის მშენებლობა. 2019 წელს კი დედაქალაქში კიდევ 5 სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას.

2019 წელს თელავში Holiday Inn-ისა და Golden Tulip, ბაკურიანში კი Rooms Hotel შევა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება ქუთაისს აქ დაგეგმილია სასტუმრო Ramada Encore-ის მშენებლობა. წელსვე Ramada Resorts-ისა და Metro Holding-ის მშენებლობა დასრულდება კურორტ გოდერძიზე.

რაც შეეხება გუდაურს, აქ 2019 წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში Radisson Blu Gudauri. სასტუმროში 240 საწოლი ადგილი განთავსდება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, ქვეყანაში მეტი ბრენდირებული სასტუმროს შემოსვლა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებს. გიორგი ბრეგაძის თქმით, კონკურენციის ზრდა სასტუმროების ნომრების ფასების კლებასაც გამოიწვევს.

bpn

ქრისტინე გამთენაძე