პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი.
„2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმართულებების განსაზღვრის დისკრეციული უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სარეზერვო ფონდის საშუალებით მხარი დაეჭირა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებისთვის.
ფონდის პრიორიტეტები განისაზღვრება ყოველწლიურად და გამოხატავს პრეზიდენტის ხედვას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ფონდის პრიორიტეტები დგინდებოდა პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტის ფუნქციებიდან გამომდინარე. დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური ორგანოა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებაა.
პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა პროექტები კონსტიტუციის პოპულარიზაციაზე, დემოკრატიული ცნობიერების ამაღლებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციულ გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია მასშტაბური კამპანიები: 1. შენი ხმა ჩვენი მომავალია, 2. კონსტიტუცია ყველასია, 3. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი რესპუბლიკის 100 წელი, 4. ვისწავლოთ ქართული - (ეროვნული უმცირესობებისათვის) 5. მოითხოვე ქართული.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობისა და უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ხელშეწყობას - მაგალითისათვის: 2018 წელს საუნივერსიტეტო პროექტების დაფინანსების მიმართულებები იყო: ინსტიტუციური მხარდაჭერა, კვლევა/წიგნი/ფილმი აკადემიური ღონისძიება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა“, - ნათქვამია პორეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.