ქართული ბიზნესი ეკონომიკური სანქციებისათვის მზად არის

"რუს ჩინოვნიკებს რა იდეები მოუვათ თავში, ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ არა მგონია, რუსული ბაზარი დახურონ, უფრო გადასახადების მხრივ იქნება წნეხი"ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მაშინვე მოჰყვა განცხადებები, რომელთა ავტორებიც რუსეთის პირველი პირები, ან მათი წარმომადგენლები არიან. ამ განცხადებების პათოსი ერთნაირია:"საქართველოს, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვას, სუვერენული უფლებაა რა გზას აირჩევს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ თავდაცვით ზომებს, თუ ახალი რეალობა რუსულ ბაზარზე ნეგატიურად აისახება".

ბუნებრივია, გაუგებარია რა იგულისხმება "თავდაცვით ზომებში", ან როგორ იმოქმედებს რუსეთი, თუ "რაღაც" არ მოეწონება, თუმცა, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სანქციები ძირითადად ეკონომიკური ხასიათისა იქნება.

ზურაბ ჩხაიძე, კომპანია "კახური ტრადიციული მეურნეობის" ხელმძღვანელი:

- ჩვენ რუსული ბაზრისათვის ზიანის მიყენება არც შეგვიძლია და არც გვსურს, პირიქით, გვინდა შევინარჩუნოთ ეს ბაზარი და გავაგრძელოთ იქ აქტიური საქმიანობა. ზოგადად რუსეთის დამოკიდებულება ყველასათვის ნათელია და ჩვენც ამ სიტუაციაში სიფრთხილე გვმართებს, დაფიქრებულად უნდა იქნას გადადგმული თითოეული ნაბიჯი. ისე, ბიზნესისათვის რისკი ყველა ქვეყანაშია - მაგალითად: უკრაინაში საომარი მდგომარეობაა, რაც თავისთავად რისკია, ყაზახეთში ადგილობრივი ვალუტის კურსმა დაიწია და იქაც არის ჩვენთვის რისკი. ბიზნესიც იმიტომ არის ბიზნესი, რომ ყოველთვის ახალი მეთოდები და მიდგომა სჭირდება, რომ ნებისმიერ რისკს გაუმკლავდეს. ახლა მთავარია, როგორ გამოიყენებს ევროპის ქვეყნებთან გაჩენილ ახალ პერსპექტივებს საქართველო, ქართული ბიზნესი. ჩვენი კომპანია შექმნილ სიტუაციას მშვიდად ხვდება, რადგან ყველა განვითარებას თავისი რისკი მოჰყვება. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს ოთხი ქარხნის მშენებლობა დავიწყოთ. ახალ ქარხნებში ყველაფერი ევროკავშირის სტანდარტების და "აისო" სერტიფიკატის შესაბამისად იქნება დაცული. ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს, რომ უფრო საინტერესო გახდეს ევროკავშირთან ჩვენი კომერციული ურთიერთობები. თუმცა, იმისთვისაც ვიბრძვით, რომ რუსული ბაზარიც შევინარჩუნოთ, რადგან ეს ბაზარი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია: იქ ჩვენს პროდუქციას ცნობენ და აფასებენ. ერთი წელია, რაც რუსეთში ჩვენი პროდუქცია შევიტანეთ და კიდევ უფრო ვაფართოებთ ჩვენს ქსელებს. ამ წუთას ჩვენი კომპანია 15 ქვეყანაში ოპერირებს და არასოდეს გვიფიქრია ვინმეს ვინმეთი ჩანაცვლება. ყველაზე პატარა ქვეყნის ბაზარსაც კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ევროპის ქვეყნებშიც ნელ-ნელა უფრო მეტი ინტენსივობით დავიწყებთ საქმიანობას. რა თქმა უნდა, თავიდანვე დიდი რაოდენობის პროდუქციას ვერ გავიტანთ, მაგრამ თანდათან ვეცდებით იქაც თავი დავიმკვიდროთ. ასე რომ, პოზიტივი ძალიან ბევრია. ევროკავშირთან დაახლოებით ზოგადად ჩვენი ქვეყანა და ქართული ეკონომიკა მხოლოდ მოგებული დარჩება.

მიხეილ ხუნდაძე, კომპანია "ჯივიეს"-ის გენერალური დირექტორი:

- წინასწარ ძნელია ითქვას, რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუმცა, ქართველმა მეღვინეებმა 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ იმდენი რამ გამოვიარეთ, უკვე აღარაფერი გაგვიჭირდება. რუს ჩინოვნიკებს რა იდეები მოუვათ თავში, ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ არა მგონია, რუსული ბაზარი დახურონ, უფრო გადასახადების მხრივ იქნება წნეხი, რაც ფასებზე იმოქმედებს -ეს ჩემი, სუბიექტური აზრია. ქართულმა მეღვინეობამ 2006 წლის შემდეგ ურთულესი წლები გამოიარა. ფეხზეც მძლავრად დადგა და დღეს ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ძლიერი დარგია. შეზღუდვები თუ დაიწყო, რასაკვირველია, ეს გავლენას მოახდენს ქართული ღვინის ინდუსტრიაზე, მაგრამ დარგი იმდენად მყარად დგას ფეხზე, რომ ადვილად შეძლებს გადართვას სხვა ბაზრებზე. ყველა ქვეყნის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის, რუსულიც, თუმცა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნები, მაგალითად ჩინეთის ბაზარი, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია. იქ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები ახლა იწყება. პოლიტიკამ შეიძლება ჩვენზე გავლენა იქონიოს, მაგრამ დღეს ქართული მეღვინეობა ძალიან დივერსიფიცირებულია: ქართული კომპანიები წარმოდგენილნი არიან როგორც ევროპაში, ისე აზიაში, ამერიკასა და რუსეთში, შესაბამისად, ერთი ბაზრის შეზღუდვა რა თქმა უნდა "დაგვარტყამს". თანაც, რუსეთში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა ქართული ღვინო. ამ შვიდწლიანი დეფიციტის შემდეგ დაბრუნება ისეთი მასშტაბისა იყო, რომ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, როგორ ყოფილა მონატრებული მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას. 2006 წლის შემდეგ, როცა ბაზარი დაგვიხურეს, ქართული ღვინის ადგილი იქ სხვა ქვეყნებში წარმოებულმა ღვინომ დაიკავა: ეს იყო მოლდავური, დასავლეთ ევროპული ღვინოები, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ ქართული ღვინო რუსეთში ძალიან ადვილად დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, რუსული ბაზრის დაკარგვა ჩვენთვის ტრაგედია არ იქნება და დახურვის შემთხვევაში კონდრაბადნის გზით ნამდვილად არ დავიწყებთ რუსეთში ჩვენი პროდუქციის შეტანას, შესაბამისად, იმ ნაწილს, რასაც იქ ვერ შევიტანთ, სხვა ბაზრებზე გავყიდით. მართალია, ჩვენი ღვინის ცნობადობა რუსეთში გაცილებით მეტია და ვერ შევადარებთ, მაგრამ სწორი მუშაობის შემთხევვაში ცნობადობის ამაღლებაც შეიძლება, იმიჯის შექმნაც და ადგილის დამკვიდრებაც. იმის თქმა, რომ ევროპული, ან სხვა ქვეყნის ბაზარი რუსულს ერთ თვეში, ან ერთ წელიწადში ჩაანაცვლებს, ილუზია იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზადა ვართ...

"ჯორჯიან ბიზნეს ინსიატის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ლექვინაძემ ამ თემის განხილვისას გვითხრა:

-ასოცირების ხელშეკრულება არანაირად არ კრძალავს სხვა ქვეყნებთან და გაერთიანებებთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებს. თუ რუსეთმა თვითონ არ გაართულა ჩვენთან ურთიერთობა, ეს ხელშეკრულება თავის მხრივ არაფერს შეცვლის. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის გადაწყვეტილებებზე, მის ხასიათზე - იმაზე, თუ რამდენად საჭიროდ მიიჩნევს რუსეთი შეზღუდვების დაწესებას. ვინაიდან ეს ქვეყნები - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ცდილობენ გასვლას მისი ინტერესების სფეროდან, რამდენად დასჯის ამ ქვეყნებს ეკონომიკური სანქციებით. თუ რუსეთი ამას გადაწყვეტს, მაშინ რა თქმა უნდა, ქართველ ექსპორტიორებს, ვისაც რუსულ ბაზარზე შეაქვს თავისი პროდუქცია, გარკვეული ზარალი მიადგებათ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ამით ნამდვილად არ დაზარალდება და დაიქცევა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი სანქციები არ იქნება, რადგან რუსეთმა იცის - ასეთი მეთოდებით ქმედით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. ამაში ის ერთხელ უკვე დარწმუნდა, როდესაც 2006 წელს ემბარგო გამოაცხადა. უნდა ვაღიაროთ, რომ რისკი მაღალია და ყველა მეწარმემ, ვინც რუსეთის ბაზარზე მუშაობს, იცის: იქნებოდა თუ არა ეს ხელშეკრულება, რისკი მაინც არსებობდა და ახლაც არსებობს. რუსეთის მიერ ეკონომიკური სანქციების გატარების შემთხვევაში დანაკარგები მართლაც გვექნება, თუმცა არა ისეთი, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი გვეთქვა.

ხათუნა ჩიგოგიძე