თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 296 მიმდინარე, 236 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც დედაქალაქში ქართული ღვინის ძეგლის შექმნას გულისხმობს.
„ქართული ღვინო არის სავიზიტო ბარათი ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელი ყველა სტუმრისთვის. ამიტომ ღვინოს თბილისში დავუდგათ ძეგლი - ღვინის ბოთლი ან ქვევრი, ცოტა შემაღლებულ ადგილას, რომ თვალში საცემი იყოს. როგორიცაა - ფუნიკულორი, ქართლის დედა და ა.შ.
თუ ბოთლი შეირჩევა, გაკეთდება ისეთი დეკორი, რომ ღვინის ბოკალი შევსებულია წითელი ღვინით, ასევე დიოდური ეკონომიური განათებით გაკეთდება ისეთი დეკორაცია, თითქოს ღვინო გადმოედინება ბოთლიდან და ავსებს ბოკალს. ხოლო ქვევრის შემთხვევაში შესაძლოა, ფიალა ან ყანწი, ასევე ვაზის ფოთლისა და განათების გაკეთება. ეს იქნება ტურისტებისთვის, და არა მარტო, ძალიან დიდი სიამოვნება და მართლაც სავიზიტო ბარათი,“- აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემა 2019 წლის 3 თებერვლამდეა შესაძლებელი.