თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2015 წელს ერთ ღონისძიებაზე 3.5 ათასი ლარიდან 2.6 ათასი ლარი კვებით გამასპინძლებაზე დაიხარჯა

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2015 წელს ერთ ღონისძიებაზე გახარჯული 3.5 ათასი ლარიდან 2.6 ათასი ლარი კვებით გამასპინძლებაზე დაიხარჯა.

ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ „თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია“ აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა „თბილისის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“. პროგრამამ უნდა უზრუნველყოს თბილისის რაიონების განვითარების შესაძლებლობებისა და მათი კონკურენტუნარიანობის შეფასება, რომლის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება თითოეული რაიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დამტკიცებული ბიუჯეტებით განსაზღვრული ქვეპროგრამები ფაქტობრივად, არ შესრულდა. კერძოდ 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრული იყო 363.5 ათასი ლარის ხარჯვა. თუმცა, წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, წლის განმავლობაში დაიხარჯა მხოლოდ 3.5 ათასი ლარი (1%), რომლის ფარგლებში დაფინანსდა ერთი ღონისძიება.

„აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ქალაქზე არსებული სტრატეგიებისა და კვლევების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. ღონისძიების ფარგლებში გაიხარჯა 3.5 ათასი ლარი, მათ შორის 0.9 ათასი ლარი - დარბაზის იჯარისთვის, ხოლო 2.6 ათასი ლარი - 40 ადამიანის კვებით გამასპინძლებისათვის.

bpn

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შეხვედრაზე მიმდინარეობდა მხოლოდ სიტყვიერი მსჯელობა. მიღწეული შეთანხმების, მიღებული გადაწყვეტილების ან მომავალში დასახული სამოქმედო გეგმის შესახებ დოკუმენტი შედგენილი არ არის და ვერ იქნა წარმოდგენილი.

ანალოგიური სიტუაციაა 2016 წლის ქვეპროგრამის შესრულების პროცესშიც, 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 405 ათასი ლარის ხარჯვა და სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება. თუმცა წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით წლის განმავლობაში დაიხარჯა მხოლოდ 17.8 ათასი ლარი (4%), რომლის ფარგლებში 7.2 ათასი ლარით დაფინანსდა პროექტი „ტაქსების რეფორმა“.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სატაქსო გადაზიდვების სფეროს მოწესრიგება. შეხვედრა გაიმართა ყვარელში „ილიას ტბაზე“, სადაც მონაწილეობას იღებდა 25 პირი.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები, თუმცა მიღწეული შეთანხმების, მიღებული გადაწყვეტილების ან მომავალში დასახული სამოქმედო გეგმის შესახებ დოკუმენტი შედგენილი არ არის და ვერ იქნა წარმოდგენილი,“-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მათივე შეფასებით, პროგრამის შესრულებით დაგეგმილი შედეგები ვერ იქნა მიღწეული და მოსახლეობამ შესაბამისი სარგებელი ვერ მიიღო. რაც შეეხება, განხორციელებულ ღონისძიებებს (შეხვედრებს), როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრების ფარგლებში მიღწეული შედეგები დოკუმენტირებული არ არის, მათი ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯი შესაძლოა,  არაეფექტიანად ჩაითვალოს.