ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) და რუსეთმა ორდღიანი მოლაპარაკება იმით დაასრულეს, რომ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვაზე შეთანხმდნენ.ამის მიზანი, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის აღდგენა და ნავთობზე მაღალი ფასის შენარჩუნებაა.
ნავთობის მწარმოებელთა შეხვედრა ვენაში (ავსტრია), OPEC-ის შტაბ-ბინაში გაიმართა. მას შემდგ, რაც OPEC-ის წევრებმა შეთანხმებას მიაღწიეს, წარმოების შეკვეცის მოცულობას რუსეთი არ თანხმდებოდა. პარასკევს ვენიდან სანკტ პეტერბურგში, პუტინისგან დირექტივების მისაღებად გაემგზავრა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი, რომელიც უკან იმავე დღეს დაბრუნდა და OPEC-თან შეთანხმება გააფორმა.
OPEC+ შეთანხმებით, 2019 წლის პირველ ნახევარში, ბაზარზე ყოველდღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით შეიზღუდება. აქედან 800 ათასი ბარელი 15-წევრიან OPEC-ზე მოდის, დანარჩენ 400 ათას ბარელს კი საკუთარ ექსპორტს რუსეთი და სხვა არაწევრი ქვეყნები მოაკლებენ. ეს შეთანხმება პრაქტიკულად, თანხვედრაშია ანალიტიკოსთა მოლოდინთან, რომლებიც შეკვეცას 1.14 მილიონი ბარელის ფარგლებში პროგნიზირებდნენ.
OPEC+ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 4.9 პროცენტით, 63 დოლარამდე გაძვირდა. დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი კი 4.3 პროცენტით, 53.69 დოლარამდე გაიზარდა.
OPEC-ის წევრი და არაწევრი ქვეყნების შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდა, რაც ნავთობის ფასი ბოლო ორ თვეში დაახლოებით 30 პროცენტით დაეცა. ეს 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მკვეთრი კლებაა. ამან ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებული ქვეყნების ბიუჯეტებზე ზეწოლა უკიდურესად გააძლიერა. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილება ლოგიკურია.
OPEC-მა და რუსეთმა ბაზარზე მიწოდების შეკვეცა პირველად 2017 წლიდან დაიწყეს, რამაც ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია. წელს ივნისში გადაწყდა, რომ მიწოდების შეკვეცის მოცულობა შემცირებულიყო.
უნდა ითქვას, რომ რუსეთი მიწოდების შეკვეცას ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, ეს ქვეყანა ნავთობის ექსპორტის მხოლოდ 2 პროცენტით შემცირებას დათანხმდა. ნოვაკის თქმით, ოქტომბერში რუსეთის დღიური წარმოება 11.4 მილიონი ბარელი იყო. OPEC-თან შეთანხმების შემდეგ, მის საექსპორტო მოცულობას დაახლოებით 23 ათასი ბარელი მოაკლდება.
წარმოების შეკვეცის წინააღმდეგი იყო OPEC-ის მესამე უდიდესი მწარმოებელი ირანიც, რომელსაც სურდა, რომ ორგანიზაციას მისთვის გამონაკლისი დაეშვა. ირანის ენერგეტიკის მინისტრ ბიჯან ზანგანეს აზრით, მოქმედი სანქციების გამო, ირანი ისედაც საკმარისად ზარალდება. როგორც „როიტერსი“ წერს, ამის წინააღმდეგ წავიდა ორგანიზაციის ლიდერი საუდის არაბეთი, მაგრამ საბოლოოდ, ორგანიზაციამ გამონაკლისი არამარტო ირანისთვის, არამედ ვენესუელისა და ლიბიისთვისაც დაუშვა.
OPEC-მა ასევე გადაწყვიტა, რომ მომავალ წელს თავისი პირველი სხდომა ივნისის ნაცვლად, აპრილში ჩაატაროს, რა დროსაც, მისი წევრები ბაზარზე არსებულ სიტუაციას შეაფასებენ და მიწოდების შეკვეცის შესახებ, ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ალიანსს არ დაუსახელებია ის კვოტები, რომლებიც თავის წევრებზე გადაანაწილა. თუმცა საუდის არაბეთმა ცალკე პრესკონფერენციაზე, საკუთარი წარმოების მოცულობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, სამეფომ თავისი ისტორიული მაქსიმუმი ნოემბერში დააფიქსირა, როცა დღიური წარმოება 11.1 მილიონ ბარელამდე გაზარდა. სამეფოს ენერგეტიკის მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის თქმით, ქვეყნის მიერ ნავთობის დღიური მოპოვება დეკემბერში 10.7 მილიონ ბარელამდე, იანვარში კი 10.2 მილიონ ბარელამდე შემცირდება.
საუდის არაბეთი
ეს არის OPEC-ის ლიდერი ექსპორტიორი, რომელზეც კარტელის მიწოდების დაახლოებით 35 პროცენტი მოდის. ოქტობერში მისი მოპოვება 10.6 მილიონი ბარელი იყო, ნოემბერში კი რეკორდულ 11.1 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ამ ქვეყნისთვის ბარელი ნავთობის სასურველი ფასი 85-87 დოლარია, რაც ბიუჯეტის დასაბალანსებლად არის საჭირო.რუსეთი
OPEC-ის არაწევრ ექსპორტიორთა შორის უდიდესი მწარმოებელია. მისი დღიური წარმოება 10.6 მილიონი ბარელია. რუსეთს აწყობს, რომ ბარელი ნავთობი 60 დოლარი ღირდეს. თუმცა მისი ბიუჯეტი ისეა დაგეგმილი, რომ ბალანსი 40 დოლარის შემთხვევაშიც შენარჩუნდეს.ერაყი
OPEC-ის მეორე უდიდესი მწარმოებელი. მისი დღიური მოპოვება 4.5 მილიონი ბარელია, რაც ორგანიზაციის პოტენციალის 14 პროცენტს შეადგენს. ამ ქვეყანას მოპოვების შემცირება არ აწყობს, რადგან ასე დააკლდება ფული, რომელიც ომით დანგრეული ეკონომიკის აღსადგენად სჭირდება. თუმცა ერაყი მოკავშირეთა ინტერესების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.ერაყელ ეკონომისტ ფადჰილ ჯაფარ ალ ჩალაბის, ვინც 1980-იან წლებში OPEC-ს ხელმძღვანელობდა, ნათქვამი აქვს, რომ ერაყმა შეიძლება სულაც დატოვოს კარტელი. ერაყის ბიუჯეტის დეფიციტი 10.6 მილიარდ დოლარს აღწევს. თუ ნავთობის ფასი 60 დოლარის ფარგლებში იქნება, ქვეყანა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას შეძლებს. იმავდროულად, წლევანდელი ბიუჯეტი, ნავთობის ფასის 46 დოლარამდე შემცირების შემთხვევაშიც დაბალანსებული დარჩება.
ირანი
OPEC-ის მესამე უდიდესი ნავთობ ექსპორტიორია. მასზე კარტელის წარმოების 10 პროცენტი, ანუ დღიური 3.3 მილიონი ბარელი (ოქტომბრის მაჩვენებელი) მოდის. სანქციების გამო, ირანის მოპოვება 3.0 მილიონ ბარელამდე შემცირდა. თუმცა მალე ექსპორტის კიდევ 1.0 მილიონი ბარელით შემცირებაა მოსალოდნელი. „ბლუმბერგის“ მონაცემებით, ირანს სურს, რომ მომავალ წელს ბარელი ნავთობის საუალო ფასი ახლოს იყოს 100 დოლართან, რა შემთხვევაშიც, მისი ბიუჯეტი დაბალანსებული იქნება.ყატარი
მსოფლიო ლიდერია თხევადი გაზის ექსპორტის მხრივ. OPEC-ში მასზე მხოლოდ 1.85 პროცენტი მოდის. ოქტომბერში ყატარის ნავთობის დღიურმა წარმოებამ 609 ათასი ბარელი შეადგინა. ყატარმა ახლახანს გამოაცახადა, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დატოვებს OPEC-ს და მთელ ყურადღებას თხევადი გაზის წარმოებაზე გადაიტანს. „კეპიტალ ეკონომიკსის“ ინფორმაციით, ყატარს ბიუჯეტის დეფიციტი არ აქვს. და ის დაბალანსებული დარჩება, როცა ნავთობის ფასი 60 დოლარი და მეტი იქნება.ამერიკის შეერთებული შტატები
ოქტომბერში მისმა მოპოვებამ 11.4 მილიონ ბარელს მიაღწია. აშშ OPEC-ის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარტელს დაჟინებით მოუწოდებდა, რომ მიწოდბა არ შემცირებულიყო, რაც ფასის კლებას შეუწყობდა ხელს. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ „არ მოსწონს ეს მონოპოლია“. აშშ-ში განვითარებულია ფიქალური საბადოებიდან ნავთობის მოპოვება, რაც შედარებით ძვირი ჯდება. კერძოდ, „ფაინენშლ ტაიმსის“ ინფორმაციით, ფიქალური საბადოების მომგებიანობისთვის საჭიროა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 53 დოლარის ფარგლებში იყოს.