საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე 9 დღით ადრე, 2018 წლის 7 დეკემბერს, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი გააუქმა.შედეგად საინტერესო პრეცედენტი მივიღეთ - ერთი მხრივ, ორშაბათიდან, 10 დეკემბრიდან, მორატორიუმი უქმდება და უცხოელებს თავისუფლად შეეძლებათ საქართველოში მიწის შეძენა, მეორე მხრივ კი, 16 დეკემბერს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, რის შემდეგაც, უკვე 17 დეკემბრიდან კონსტიტუციის ახალი რედაქცია შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც, უცხოელთათვის მიწის მიყიდვა საერთოდ იკრძალება. როგორც გზეთი „რეზონანსი" წერს, შესაბამისად, გაჩნდა ერთკვირიანი „ფანჯარა" - 10-დან 17 დეკემბრამდე – რომლის განმავლობაშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის შეძენა უპრობლემოდ შეეძლებათ.
საზოგადოების ნაწილი ამაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს. ყოფილმა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ და ა/ო „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ საგანგებო მიმართვაც გაავრცელეს, სადაც საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოუწოდებენ, ამ ერთი კვირის განმავლობაში გაფიცვა გამოაცხადონ და უარი თქვან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის დარეგისტრირებაზე.
გარდა ამისა, ისინი თავიანთ მიმართვაში წერენ, რომ „დღეის მდგომარეობით, ასეთი 2500 განაცხადია შესული საჯარო რეესტრში, რომელთა უკან ათასობით ჰექტარი ქართული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იგულისხმება გაყიდვა-გასხვისების მოლოდინში!!!"
„მთელი კვირა" შეეცადა გარკვევას, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთი კვირის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო მიწის მასობრივი გასხვისება დაიწყოს უცხოეთის მოქალაქეებზე.
იურისტი დავით ზარდიაშვილი „მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში დიდი რაოდენობით მიწის გასხვისება ფიზიკურად ვერ მოესწრება და საჯარო რეესტრის თანამშრომელთა გაფიცვის მოწყობაც არ არის საჭირო. თუმცა ამ შემთხვევაში სხვა ცვლილებებია განსახორციელებელი, რომელთა გარეშეც შესაძლოა, დიდი პრობლემები შეიქმნას.
აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, კონსტიტუციაში ამ საკითხზე არსებული ფორმულირება უნდა შეიცვალოს. უცხოელებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა სპეკულაციისთვის უნდათ.
„განაცხადი ნამდვილად ბევრია შესული საჯარო რეესტრში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ღირებულების სავარგულია. ქვემოთ კი აქვს მინაწერი, რომ სხვა კერძო შემთხვევები იქნება მოცემული ორგანულ კანონში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუ ამას დავიცავთ, ძალიან კარგი იქნება. მე ძალიან მაღელვებს ეს „განსაკუთრებული შემთხვევები". შესაძლოა, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა ყოველდღიურობად აქციონ, რაც ყოვლად დაუშვებელია.
„საფრთხე იმისა, რომ ერთ კვირაში დიდი რაოდენობით მიწა უცხოელებმა იყიდონ, არსებობს, მაგრამ მე ყველაზე დიდ საფრთხეს ვხედავ იმაში, რომ ამ უცხოელებს მიწა სპეკულაციის მიზნით უნდათ, რათა ურბანული გახადონ და გაასხვისონ. ეს უნდა გაიგონ იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განგაშს უნდა ტეხდეს", - განაცხადა კოღუაშვილმა.
დავით ზარდიაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში პრობლემა არა ერთკვირიანი შუალედია, არამედ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ მიწის გაყიდვის ამკრძალავი ნორმის გასაჩივრებას.
„ერთი კვირა არაა დიდი პრობლემა, მაგრამ, რამდენადაც მე ვიცი, კონსტიტუციური ნორმა, რომელიც კრძალავს სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, უნდა გაასაჩივრონ საკონსტიტუციო სასამართლოში. აი, ეს უფრო საშიშია.
„არ მგონია, რომ 2500 განცხადება იყოს შეტანილი, ნაკლები იქნება. როგორც ვთქვი, ეს ერთი კვირა არაა დიდი პრობლემა. რეესტრს თავისი წესი და პროცედურა აქვს საკუთრების უფლების მინიჭებისა", - ამბობს იურისტი.
პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ხალხმა კანონის ფარგლებში ყველა ღონეს უნდა მიმართოს იმისთვის, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა არ მიჰყიდონ უცხოელებს.
„სახელმწიფომ მიწის პრივატიზაცია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე უნდა უზრუნველყოს. ხელისუფლებამ არაერთხელ მოატყუა საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ თუ სხვა გამოსავალი არ არის, უნდა წავიდეს საზოგადოება ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ჩარჩოში ექცევა", -აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა.
იურისტი ზარდიაშვილი ამბობს, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელთა გაფიცვა საჭირო არაა.
„ასეთი რადიკალური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არაა სწორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრობლემა უდავოდ არის, მაგრამ საფიქრალია მიწის საკითხის შესახებ - ისაა ფუნდამენტური. საფრთხე უდავოდ არის, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ნათლად ჩანს, მაგრამ ამ ეტაპზე რადიკალური ზომების მიღება შედეგის მომტანი არ იქნება", - განაცხადა იურისტმა.
ტატა შოშიაშვილი
გაზეთი „რეზონანსი"