FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი კლების ტენდენციას ნოემბერშიც ინარჩუნებს.როგორც FAO-დან იუწყებიან, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ნოემბრის თვეშიც შემცირდა. ფასების შემცირება, ერთი მხრივ, გამოწვეულია სასურსათო პროდუქციის მდიდარი მარაგებით, მეორე მხრივ კი, პალმის და მცენარეული ზეთის ფასების მნიშვნელოვანი კლებით.
„FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, 2016 წლის მაისის თვის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შემცირებულმა ინდექსმა, ნოემბრის თვეში საშუალოდ 160.1 ერთეული შეადგინა, რაც ოქტომბრის თვესთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 8.5% ნაკლები.
ბოლო თორმეტი წლის მანძილზე, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია FAO-ს მცენარეული ზეთის ფასმაც. იგი ოქტომბრის თვესთან შედარებით 5.7%-ითაა შემცირებული. კლების მთავარ მიზეზს სოიოსა და მზესუმზირის ზეთის მდიდარი მარაგები განაპირობებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე განცხადებით, შემცირებულია FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც, რომელიც ხორბალს, ბურღულეულსა და ბრინჯს მოიცავს. ფასების 1.1%-თ შემცირება, აღნიშნული კულტურების უხვი მარაგითა და ასევე, სიმინდსა და ბრინჯის ახალ მოსავალზე გაზრდილი კონკურენციითაა გამოწვეული.
უკვე მეექვსე თვეა უწყვეტად იკლებს FAO-ს რძის ფასის ინდექსიც, რომელიც ოქტომბრის თვის მერე 3.3%-ითაა დაკლებული. ახალი ზელანდიიდან რძის და რძის პროდუქტების გაზრდილმა მიწოდებამ, ფასები შეამცირა: კარაქზე, ყველზე და რძის ფხვნილზე.
ოდნავაა შემცირებული FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, რომელშიც ერთადერთი გამონაკლისი საქონლის ხორცის გაზრდილი ფასია.
სასურსათო კალათის პროდუქციის კლებად ტრენდში ერთადერთ გამონაკლისს შაქრის ფასი წარმოადგენს, რომელიც 4.4%-ითაა გაზრდილი ოქტომბრის პერიოდთან შედარებით. შაქრის ფასის ზრდა ბრაზილიიდან პროდუქტის მიწოდების შემცირებით იყო გამოწვეული.