პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გარდა, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდიც გაუქმდეს და საერთო ფონდი შეიქმნას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განუცხადა, იგი სწორედ საერთო ფონდის შექმნის მომხრეა. მისი თქმით, მთავარია დაკონკრეტდეს იმ ტიპის ხარჯები, რომლის განხორციელების უფლებაც მთავრობას და პრეზიდენტს ამ ფონდიდან ექნებათ.
"იყო ამაზე საუბარი. პირადად მეც ვემხრობი ასეთ მიდგომას. აქ მთავარია დაკონკრეტდეს იმ ტიპის ხარჯები, რომლის განხორციელების უფლებაც აქვს პრეზიდენტს და რომლის განხორციელების უფლებაც აქვს მთავრობას ამ კონკრეტული ფონდიდან. ამ თანხებზე კონტროლი უნდა იყოს გამჭვირვალე და საიდან განხორციელდება, პრინციპული მნიშვნელობა ამას არ აქვს, ჩემი აზრით,"- განაცხადა რომან კაკულიამ.
კითხვაზე, უკვე დაიწყო თუ არა ამ ფორმატზე მუშაობა, რომან კაკულიამ უპასუხა, რომ როდესაც ამაზე იყო საუბარი, მან სწორედ ასეთ მიდგომას დაუჭირა მხარი.
"ეს არ არის ჩემი პირდაპირი კომპეტენცია. შემიძლია გითხრათ ის, რომ როდესაც ამაზე საუბარი იყო, მე სწორედ ამ მიდგომის სასარგებლოდ გამოვთქვი მოსაზრება. პრეზიდენტის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს არ გადაწყდება. როგორც ჩანს, მას ამ ეტაპზე განსაკუთრებული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისათვის შეიძლება რაღაცა ბარიერები არსებობდეს, ალბათ არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ქალბატონი სალომე დააფიქსირებდა,"- განაცხადა რომან კაკულიამ.
როგორც ცნობილია, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება, სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.