სესხების განულების ვებგვერდს, რომელიც დღეს ამოქმედდება და სადაც მოქალაქეებს ჩამოწერილი ვალების ნახვა შეეძლებათ, www.vali.ge ერქმევა.
ვებგვერდი დღეს 18:00 საათზე ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს აიტვირთება თიბისის, საქართველოსა და ლიბერთი ბანკის ბაზები და მოქალაქეებს შეეძლებათ შეამოწმონ, არიან თუ არა სიაში, რომელში შესულ პირებსაც წლის ბლომდე სესხები ჩამოეწერებათ და ე.წ. შავი სიიდან ამოიღებენ.
როგორც ცნობილია, ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლოსთვის დასრულდება.
მთავრობის დაპირების მიხედვით, ვალების განულება 600,000 მოქალაქეს ეხება, მათ 2000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები ჩამოეწერებათ. ვალებს "ქართუ ფონდი" ჩამოაწერს, რომლის ინფორმაციითაც, პროგრამის საფასური დაახლოებით 100 მილიონი ლარია.