საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე 2019 წლის პირველ კვარტალში პოსტს დატოვებს.
როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, ახალი გენერალური დირექტორის ვინაობას სამეთვალყურეო საბჭო სწორედ ამ პერიოდში გამოაცხადებს.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტზე კიკნაველიძე 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. საინტერესოა, რომ 2016 წელს, ფაქტობრივად, 4-თვიან პერიოდში მისმა ანაზღაურებამ ბანკის გენდირექტორის პოსტზე - 98,340 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ბლუმბერგის ანგარიშშია მოცემული.
კიკნაველიძემ, კარიერა ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე სწორედ საქართველოს ბანკში დაიწყო 1994 წელს, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში, ასევე იკავებდა „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს 10 წლის განმავლობაში.
კახა კიკნაველიძის საქართველოს ბანკში, გენერალური დირექტორის პოსტზე ყოფნისას, განხორციელდა და დასრულდა ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო ჯგუფის“ (BGEO Group PLC) გამიჯვნის პროცესი. საინვესტიციო და საბანკო აქტივების წარმატებით დასრულებული გაყოფის შემდეგ - „საქართველოს ბანკი“ 100%-ით საბანკო საქმიანობაზეა ფოკუსირებული.