“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევა 2017 წლის სარეკლამო ბაზრის გამოწვევებსა და პრობლემებს ეხება, მათ შორის მიმოიხილავს ტელევიზიისა და რადიოს 2018 წლის 3 კვარტლის მონაცემებსაც.ანგარიში შეისწავლის ონლაინ გამოცემების და გარე სარეკლამო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური რეკლამის ტელევიზიების მიხედვით გადანაწილების საკითხს.
ანგარიშის თანახმად, 2017 წელს ტელეკომპანიების ჯამური შემოსავალი მცირედით, 0.6 მლნ ლარით გაიზარდა და ჯამში 97.5 მლნ ლარი შეადგინა; სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა (სარეკლამო შემოსავლებში დათვლილია რეკლამის და სპონსორობის ხარჯები) კი 69.2 მლნ ლარამდე შეადგინა, რაც წინა წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით, დაახლოებით 14.1 მლნ ლარით ნაკლებია.
„რეგიონული ტელევიზიების საერთო შემოსავალმა 2017 წელს 2.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.6 მლნ ლარით ნაკლებია, ხოლო სარეკლამო შემოსავლები 0.4 მლნ ლარით შემცირდა და 1.7 მლნ ლარი შეადგინა;
2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის სახით ტელევიზიებმა 6 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს, რომლის 58% ტელეკომპანია “იმედის” ჰოლდინგში განთავსდა, ხოლო 16% - “რუსთავი 2”-ზე;
მმართველი პარტია “ქართული ოცნება” რეკლამას ძირითადად ტელეკომპანია “იმედზე” ანთავსებდა, “ნაციონალური მოძრაობა” - “რუსთავი 2”-ზე, “პატრიოტთა ალიანსი” კი “ობიექტივზე”.
თბილისში გარე რეკლამის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა 2 კომპანიას “აუთდორ.ჯისა” და “სმოდ ედვერთაისინგს” უჭირავს, რომელსაც ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს. გარე რეკლამის შემოსავლები გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა და ბოლო წლებში სტაბილურად, დაახლოებით 4.8 მლნ დოლარს შეადგენს.
ყველაზე მზარდი ონლაინ სარეკლამო ბაზარია, თუმცა ადგილობრივი ვებგვერდების წარმომადგენლების განცხადებით, ბაზარზე არსებული ფულის მასის დიდი ნაწილი უცხოურ ვებპლატფორმებზე იხარჯება. რაც შეეხება რადიოს, წინა წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა რადიოს სარეკლამო ბაზარი და 8.7 მლნ ლარი შეადგინა,“-აღნიშნულია კვლევაში.