2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, ბიზნესიდეებისა და ბიზნესგეგმების ეტაპების შემდეგ გამოვლინდა 917 გამარჯვებული მეწარმე,რომლებიც წლის ბოლომდე თანადაფინანსების სახით მიიღებენ 8 300 000 ლარს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროექტიდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, გამარჯვებული აპლიკანტების 45% ქალი მეწარმეა.
„დაფინანსებულ პროექტებს შორის არის: საკვები და სასმელი პროდუქტების წარმოება; საოჯახო სასტუმრო; საფეიქრო საწარმო; მეტალის/ხის/პლასტმასის საწარმო; კვების ობიექტი; ავტო-ტექ მომსახურება/ვულკანიზაცია; ხელნაკეთი ნივთების საწარმო; სამედიცინო მომსახურება; ტურისტული მომსახურება; სამშენებლო მასალის წარმოება; სილამაზის და ესთეტიკის სალონი; მეღვინეობა; სხვადასხვა სახის სასწავლო ცენტრი.
მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფრთოონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა აპლიკანტი ვერ ახერხებს დაფინანსების მოპოვებას, დღეისათვის, აღნიშნული პროგრამის დახმარებით, ბიზნესგეგმის დაწერისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გადამზადება გაიარა 16 000-მდე აპლიკანტმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შემუშავებულია რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი. აღნიშნული 2015 წლიდან წარმატებით ხორციელდება და წლევანდელი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, დაფინანსებულია 9 203 ბენეფიციარი, თანადაფინანსების თანხა კი 47 მლნ. ლარზე მეტია.