სალიზინგო კომპანიებზე სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები შესაძლოა, არ გავრცელდეს.
კერძოდ, ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი ლიზინგის გამცემი სუბიექტების საქმიანობაზე არ გავრცელდეს.
სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტზე შენიშვნების შესახებ ბიზნესომბუდსმენს საქართველოს სალიზინგო კომპანიების ასოციაციამ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მომართეს.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს ასოციაციების მიერ დასმული საკითხების მნიშვნელობასა და მათი მხარდაჭერის საჭიროებას.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ამ სახით ამოქმედება არსებით გავლენას მოახდენს საფინანსო-საკრედიტო მომსახურებით დაკავებული კომპანიების საქმიანობაზე და მიზანშეწონილია, აღნიშნული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგება.
სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილია ცვლილება, რომლის მიხედვითაც ლიზინგის გამცემი სუბიექტები ვალდებულები ხდებიან ხელშეკრულებაში საპროცენტო სარგებელი ცალკე მიუთითონ. ვთვლით, რომ ცვლილების განხილვისას მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნას ლიზინგის ურთიერთობის არსი და მისი სპეციფიკა.
ასევე, იზრდება ეროვნულ ვალუტაში გასაცემი ლიზინგის ღირებულების მაქსმიმალური 100 000 ლარიანი ლიმიტი 200 000 ლარამდე, რაც ფიზიკურ პირებთან ერთად იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. მიგვაჩნია, რომ ლიმიტის გაზრდა სალიზინგო კომპანიებს გაურთულებს და გაუძვირებს ფულადი რესურსების მოძიებას,“-აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, აპარატი მზად არის შესაბამის ასოციაციებთან ერთად, საკითხების შემდგომ განხილვაში ჩაერთოს.