5 წლით - 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს აკრძალვა, რომლის მიხედვით, სპირტიანი სასმელის საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენება დაუშვებელი ხდება.
ამასთან ერთად, ამავე პერიოდით გადავადდება ნორმა, რომლის მიხედვით, ღვინისა და სპირტიანი სასმელის ეტიკეტებზე აღნიშვნა - “ქართული ბრენდი“ ნებადართულია, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებულ სპირტს შეადგენს.
ღვინის მწარმოებელთათვის ეს შეზღუდვები ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას ინიციატივით ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმები 2019 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.
“ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვინის ექსპორტი და შესაბამისად, მოთხოვნა ყურძენზე. ვენახების გაშენების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ყურძნის მიწოდება ვერ მიყვება ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და იწვევს ნედლეულზე ფასის ზრდას, რაც აისახება ქართული ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ღირებულებაზე - შედეგად, მათ კონკურენტუნარიანობაზე საერთაშორისო ბაზარზე. საერთაშორისო ბაზარზე ქართული ბრენდის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ექსპორტის ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის, აუცილებელია ბრენდის მწარმოებელ კომპანიებს მიეცეთ შესაძლებლობა ამჟამად მოქმედი წესის შესაბამისად განახორციელონ საქმიანობა, კანონპროექტით გათვალისწინებული ვადით”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.