ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული ეკონომიკური ზომები საფრანგეთის ბიუჯეტს 8-10 მლრდ ევრო დაუჯდება

„ყვითელი ჟილეტების“ მასშტაბური საპროტესტო აქციების საპასუხოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული ეკონომიკური ზომები საფრანგეთის ბიუჯეტს 8-10 მილიარდი ევრო დაუჯდება.

ამის შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებში ოლივიე დიუსომ განაცხადა.

„საუბარია 8-10 მილიარდ ევროზე. ჩვენ ახლა ვაზუსტებთ ამ თანხებს, რათა გავიგოთ თუ როგორ დავაფინანსებთ დასახულ ზომებს“, - განაცხადა ოლივიე დიუსომ.

მისივე თქმით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი დააზუსტებს პირობებსა და საჭირო ქმედებების ნუსხას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების გაცემის გამო, რომლებსაც ისინი თანამშრომლებს გადაუხდიან წლის ბოლოს.