მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა.სტრატეგიის პროექტის შესახებ საჯარო კონსულტაციები გაიმართება, რის შემდეგაც მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. სტრატეგიის პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით.
ღონისძიება გახსნა მამუკა ბახტაძემ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მაია ცქიტიშვილმა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, არად ბენკომ - ავსტრიის ელჩმა საქართველოში, და მუნხტუია ალთანგერელმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
2016 წელს საქართველომ მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რის შემდეგაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი საქართველოს 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1,730 დასახლებას მიენიჭა. 400-ზე მეტმა საწარმომ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლა, ხოლო ფულადი და სხვა სახის დახმარება, რომლის მთლიანმა ოდენობამ 115 მილიონ ლარს გადააჭარბა, 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
როგორც UNDP-ში აცხადებენ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ახალი სტრატეგიის განხორციელების შედეგად გაიზრდება ამ პროცესის ეფექტიანობა და მდგრადობა, მეტი ყურადღება მიექცევა ადგილობრივ მეწარმეობას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ნარჩენების მართვას, ეკო-ტურიზმს და სხვა სფეროებს, რომლებიც მდგრად განვითარებას განაპირობებენ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის შედეგებით 300 ათასი ადამიანი ისარგებლებს.
„მაღალმთიან რეგიონებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს, მაგრამ მთის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი გაცილებით მაღალია“, - აღნიშნა მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
მთის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2003 წელს დაწესდა, მაგრამ საქართველო მას პირველად აღნიშნავს. საერთაშორისო დღის წლევანდელი თემაა #MountainsMatter #მთავარიამთა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მთის საკვანძო როლს ჩვენი პლანეტის გადარჩენისათვის აუცილებელი ეკოსისტემისა და მომსახურების შექმნაში.