მიდგომა, რომ უცხოელები და ქართველები საკუთრების უფლებასთან მიმართებაში თანაბარუფლებიანები არიან, მართალი არ არის.მართალი არ არის საერთაშორისო სამართლითაც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
დოლიძე გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მორატორიუმის მოხსნის თაობაზე და განაცხადა, რომ სასამართლომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, როგორც დოლიძემ განმარტა, ახლა საკონტიტუციო სასამართლო 2012 წელს მის მიერ მიღებულ მცდარ პოზიციას დაეყრდნო, როდესაც თქვა, რომ „არ შეიძლება განვასხვავოთ უცხოელი და ქართველი საკუთრების უფლებასთან მიმართებაში“. დოლიძის პოზიციაა, რომ უცხოელებს შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვები, თუმცა აქ გამონაკლისია ექსპატრიანტები. მისი თქმით, ექსპატრიანტებს (ამ შემთხვევაში საქართველოდან წასული ბერძნები), რომლებსაც საქართველოში სამშობლო და ფუძე ჰქონდათ, პარლამენტის ორგანული კანონის მიხედვით, საკუთარი სახლ-კარის დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
„2012 წლიდან იწყება საკონსტიტუციო სასამართლოს ეს პოზიცია, რომ არ შეიძლება განვასხვავოთ უცხოელი და ქართველი საკუთრების უფლებასთან მიმართებაში, სრულუფლებიანი სუბიექტი არისო. მაშინ შეცდა საკონტიტუციო და ახლაც შეცდა, როდესაც ავტომატურად გაიზიარა ის ძველი გადაწყვეტილება(ანუ 2012 წლის გადაწყვეტილება) იმიტომ, რომ ეს მიდგომა - თანაბარუფლებიანები არიან უცხოელები და ქართველები საკუთრების უფლებასთან მიმართებაში - არ არის მართალი. მართალი არ არის საერთაშორისო სამართლითაც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე. უამრავი მაგალითი არსებობს ახალი ზელანდიით დაწყებული, სადაც ახლა დარეგულირდა არათუ მიწის, არამედ ბინების გაყიდვა, დამთავრებული მეზობელი სერბეთით, სადაც შეზღუდვებია დაწესებული უცხოელების მიერ ზოგადად, უძრავი ქონების შეძენაზე. ანუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი კონტექსტი, სამართლებრივი პრინციპები როგორ განვითარდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ავტომატურად დაეყრდნო თავის ძველ პრეცედენტს. ეს არ იყო სწორი. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რატომ არ იყო სწორი - პირველ ორ გადაწყვეტილებაში საქმე გვაქვს უცხოელებთან. ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ექსპატრიანტებთან, ანუ საქართველოდან წასული ადამიანებთან. ეს ბერძნები ცხოვრობდნენ აქ და ასეთი ხალხი ძალიან ბევრია. მათ სამშობლო საქართველოში ჰქონდათ, შესაბამისად ჰქონდათ საკუთრება. უამრავი ხალხია ისეთი ვინც 1990-იან წლებში აქედან წავიდა, ახლა კი ექსპატრიანტები თამაშგარე დარჩნენ. მათ აქ ფუძე, ბინა ჰქონდათ და ასეთი ბევრია. ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტი, როდესაც მიიღებს შესაბამის ორგანულ კანონს, იქ უფლებები უნდა მისცეს კონკრეტულად ამ ჯგუფებს, ანუ ექსპატრიანტებს“, - განაცხადა დოლიძემ.
მისივე განმარტებით, საქმე იმაშია, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მორატორიუმი მოხსნის თაობაზე საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 17 დეკემბრის მერე რომ გამოეტანა, იქნებოდა უაზრო, ვინაიდან უკვე კონსტიტუციის ახალი რედაქცია შედის ძალაში.
„შესაბამისად იძულებული იყო, რომ ამ პერიოდში გამოეტანა გადაწყვეტილება. ავტომატურად დაეყრდნო 2012 წლის ძველ პრეცედენტს, სადაც საერთოდ სხვა შემთხვევა იყო. აქ ექსპატრიანტები გვყავს და იქ უცხოელები. ის იყო მცდარი თავის დროზე, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი ბევრად წინ არის წასული იმის მერე და მიწის რესურსზე უზარმაზარი რეგულირება მიდის სხვადასხვა ქვეყანაში. ამის გაუთვალისწინებლობა იყო ძალიან მცდარი მიდგომა სასამართლოს მხრიდან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი.