"1%-ზე ნაკლებია იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხები, რომლებმაც უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე"

1%-ზე ნაკლებია იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხების, რომლებმაც უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც, საუბარია, დაახლოებით 10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, შეთავაზებული იყო იგივე პირობები, რა პირობებიც შესათავაზეს სხვა საბანკო და არასაბანკო საფინანსო დაწესებულებებს .

„თუმცა, მათ არ ისურვეს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. ეს მათი არჩევანი და სურვილია. ამავე დროს, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ისინი გამოიჩენდნენ სოციალურ პასუხისმგებლობას და გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად, სოციალურად დაუცველებისთვის, ისინი ჩამოაწერდნენ 2000 ლარამდე სესხებს. მათი მხრიდან ასეთი ქმედება მისასალმებელია. მათ ითხოვეს საგადასახადო კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება. ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და მიმდინარე სამუშაო პროცესში აღნიშნული საკითხები, რაც იყო თხოვნა მათი მხრიდან, გათვალისწინებული იქნება. თუმცა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით, საუბარია, მთლიანი პრობლემური სესხების 1%-ზე ნაკლებ მოცულობაზე, ვინც არ მოხვდა ამ თანამშრომლობის სფეროში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.