საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ მოქმედი წესები თუ რეგულაციები ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ინტერნეტმომხმარებლების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჰყავს ორი მტერი, რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.
„სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი წყაროა ჭარბვალიანობა და მისი დაძლევის გარეშე სიღარიბის დაძლევა გაგვიჭირდება. ჭარბვალიანობის გამომწვევი კი იყო უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა. შესაბამისად, ე.წ. შავ სიაში ყოველი მესამე მოქალაქე აღმოჩნდა, რაც პრინციპულად მიუღებელია და ეს მეტყველებს პრობლემის მასშტაბებზე. ჩვენი ამოცანა იყო ამ პრობლემის პრინციპულად მოგვარება. რამდენიმე თვე ვმუშაობდით ამაზე და პარლამენტშიც ავიღეთ ვალდებულება. დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ შევძელით ამ პროექტის რეალიზაცია“, - განაცხადა მამუკა ბახატძემ.
პრემიერ-მინისტრმა მომხმარებელს ასევე ბოდიში მოუხადა vali.ge-ს მუშაობის პირველ საათებში წარმოქმნილი ხარვეზებისთვის და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ვებგვერდზე განთავსებულია 6 ბანკის 400 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები.
„ჩვენი მიზანი იყო, შეგვემსუბუქებინა ყოფა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ არასამართლიანი წესებიდან გამომდინარე უკვე დაზარალდნენ. ეს პროცესი გრძელდება. შედეგად, 600 ათას ადამიანზე მეტი ამოვა ე.წ. პრობლემური სიიდან და ახალ წელს შეხვდება ამ პრობლემის გარეშე. ეს ინიციატივა ეხება მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სესხის გადახდა 1-ელ იანვრამდე და ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ასევე განმარტა, რომ თუ მოქალაქეს vali.ge-ზე პირადი მონაცემების შეყვანისას დაუფიქსირდა ვალი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ეს დავალიანება განულდება.
„საბაზრო ეკონომიკის სიჯანსაღე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ წესი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი და თუ ის ვინმეზე არ ვრცელდება, საქმე გვაქვს თაღლითობასთან. შეიძლება, დაისვას კითხვა, ხომ არ აღმოჩდნენ უსამართლო მდგომარეობაში ის ადამიანები, ვინც ვალს იხდიდა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ 600 ათას მოქალაქეზე, რომლებიც, რომ არა ის უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა, რომელიც 2007 წლიდან დაიწყო, ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ დავარქვით ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომ ეს პრობლემა დავხუროთ და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, სადაც იქნება სამართლიანი დაკრედიტების სისტემა და გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას აღნიშნული პროექტის პოზიტიური მაკროეკონომიკური ეფექტის მოლოდინი აქვს.
„ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმებული იძულებულია, სთხოვოს დამსაქმებელს, არ ჩაურიცხონ თანხა ანგარიშზე, რადგან ჩამოეჭრება და თავის გასატანად საჭირო თანხა ფიზიკურად არ დარჩება. „შავ სიაში“ მოქალაქეების ასეთი რაოდენობა ხელს უწყობს ჩრდილოვან ეკონომიკას. ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, დაუბრუნდნენ სრულფასოვან ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას. ის ხალხი, ვინც ამ პრობლემის გამო მოწყვეტილი იყო თავისი ეკონომიკური აქტივობის სრულფასოვნად განხორციელებას, მცირე ბიზნესის დაწყებას, გააგრძელებს საქმიანობას და როდესაც ჩვენ საბაზრო ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ამას ძალიან პოზიტიური ეფექტი ექნება“, - განაცხადა პრემიერმა.