სადაზღვევო სექტორი მოითხოვს, რომ კონკურენციის შესახებ კანონი საფინანსო სფეროზე გავრცელდეს.
„ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თინა სტამბოლიშვილის განცხადებით, კონკურენციის შეზღუდვის ტენდენცია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა.
„ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ბაზარს და თუკი ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, სადაზღვევო სექტორი იქცეს საბანკო სექტორის ნაწილად და მასზე მიბმულ სექტორად, რაც პირველ რიგში, საბოლოო მომხმარებელს დააზარალებს. მომხმარებელს აღარ დარჩება არჩევანი, თუ ვის უნდა ანდოს საკუთარი ფინანსური რისკები. როდესაც ბანკი ფლობს სადაზღვევო კომპანიას, მას რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი ბერკეტი, ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელზე. ეს არ არის სამართლიანი მიდგომა და შეაფერხებს სადაზღვევო სექტორის განვითარებას", - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.
მისივე განმარტებით, ინვესტორისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება ისეთ ბაზარზე შემოსვლა, რომლის განვითარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„ჩვენ გვაქვს მთავრობასთან შეთავაზება, რომ კონკურენციის შესახებ კანონი საბანკო სექტორზეც გავრცელდეს“, -განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.
ამ წუთებში ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას ხვდებიან.
ქრისტინე გამთენაძე