50 ყველაზე მსხვილი კომპანია საქართველოში - ვინ მოხვდნენ ლიდერებს შორის (+ინფოგრაფიკა)

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ორი ნაბიჯი“, „მაგთიკომი“, „ელიზი ჯგუფი“ – ეს იმ ბიზნეს-სუბიექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბრუნვის მოცულობით Top-50 კომპანიის ნუსხაში მოხვდა.

ჩამონათვალში შესული კომპანიების უმრავლესობა ვაჭრობის სექტორში ოპერირებს, ასევე საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს სათამაშო ბიზნესით დაკავებულ სუბიექტებსაც. საინტერესოა ისიც, რომ Top-50-ში არც ერთი ბანკი არ მოხვდა.

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 მე-3 კვარტლის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ კომპანიებს აქვთ ბრუნვის ყველაზე დიდი მოცულობა ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის საბოლოო მაჩვენებელი მომავალ წელს იქნება, გთავაზობთ 2017 წლის Top-50 კომპანიას ბრუნვის მოცულობით.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, ცალკეული კომპანიების შესახებ ფინანსური მაჩვენებლების გამჟღავნების უფლება მათ არ აქვთ. შესაბამისად, „საქსტატმა“ ბრუნვის მიხედვით ტოპ-50 კომპანიის მხოლოდ ჩამონათვალი მოგვაწოდა და აღსანიშნავია, რომ ეს სიაც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

„საქსტატის“ შემდეგ, ცალკეულ კომპანიათა ფინანსური მაჩვენებლების მოძიებას საწარმოთა ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე შევეცადეთ. აღსანიშნავია, რომ ბრუნვის მიხედვით 50 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან, ანგარიშგება 26 კომპანიას აქვს შევსებული.

როგორც ანგარიშგებების ვებგვერდზეა აღნიშნული, ამ 26 საწარმოდან - 21 1-ელ კატეგორიაშია მოხვედრილი, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება. მათ შორის არიან: სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „თეგეტა მოტორსი“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „ჯეოსელი“, შპს „ორი ნაბიჯი“, შპს „მაგთიკომი“, შპს „ელიზი ჯგუფი“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, შპს „ტავ ურბან საქართველო“, შპს „ავერსი-ფარმა“ და ა.შ.

სამი კომპანია - მე-2 კატეგორიაშია მოხვედრილი ანუ თითოეულის - აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე არის. ეს კომპანიებია - შპს „თ&რ დისტრიბუშენ“, რომლის საქმიანობაც თამბაქოს პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობაა; აზარტული თამაშების მოწყობით დაკავებული შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველო“ და შპს „გაზ თრეიდინგ“, რომლის საქმიანობის სფეროსაც ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს.

გარდა ამისა, ფინანსური ანგარიშგება 50 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე საწარმოდან გამოქვეყნებული აქვს სამ საზოგადოებრივი დაინტერესების პირსაც, როგორებიცაა - სს „თელასი“ და სს „ნიკორა ტრეიდი“.

რაც შეეხება, 2017 წლის TOP-50 კომპანიას ბრუნვის მიხედვით, აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში აზარტული თამაშების საქმიანობითა და ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომპანიები ლიდერობენ. კერძოდ, 50 კომპანიას შორის 22 ადგილი უკავია ვაჭრობის სფეროში; ხოლო 8 აზარტული თამაშების საქმიანობით დასაქმებულ საწარმოებს. თავის მხრივ ვაჭრობის დარგში კი ბუნებრივი აირისა და ბენზინის საცალო-საბითუმო ვაჭრობაა წამყვან პოზიციაზე. ჩამონათვალში გვხვდება ასევე - თამბაქოს, ფარმაცევტული საქონლის, ავტომობილებითა და საკვები პროდუქტებით ვაჭრობის მიმართულებაც. (ცნობისათვის: ინფოგრაფიკაში მოცემული კომპანიების ჩამონათვალი ბრუნვის სიდიდის მიხედვით დალაგებული არ არის)

bpn

ინფოგრაფიკა: ლიკა ამირაშვილი

თაია არდოტელი