„მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს"

არსებობს ფაქტები, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს პურის გაძვირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობა აღნიშნულ საკითხს ყურადღებით აკვირდება.

“პურის ფასზე მე არაერთხელ ვთქვი, არსებობს ფაქტები, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინაც ვთქვი: ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია, ამიტომ თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება არ არის. ამის შედეგებს მოგახსენებთ”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.