ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის მთავრობა საერთაშორისო არბიტრაჟისა და კომერციული სასამართლოს შემოყვანის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
გიორგი ქობულიას თქმით, ამის შესახებ სამინისტროსა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრი კომპანიების შეხვედრაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ვიდრე ქართველი მოსამართლეების კვალიფიკაცია კიდევ უფრო გაძლიერდება, სავარაუდოდ, საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებში უცხოელი მოსამართლეები ჩაერთვებიან.
„შეხვედრაზე საუბარი სასამართლო რეფორმას შეეხო. ამ მხრივ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი და ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა ჩვენი სასამართლო სისტემის მუშაობა გავაუმჯობესოთ. ამასთან დაკავშირებით, მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე გეგმავს, იგივე საერთაშორისო არბიტრაჟისა და კომერციული სასამართლოს შემოყვანის თვალსაზრისით. ვიდრე ჩვენი მოსამართლეების კვალიფიკაციას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, ალბათ, უცხოელ მოსამართლეებს გამოვიყენებთ. ეს ყველაფერი იგეგმება. აგრეთვე, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ დიდხანს გრძელდება და სურვილი გამოითქვა, გავზარდოთ რესურსი და სასამართლოში შემთხვევების განხილვა რაღაცნაირად დავაჩქაროთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.