2018 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6594 შეადგინა.
2018 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების შედეგად ბაზრიდან 162,5 მლნ დოლარი ამოიღო. მარტო დეკემბერში სებ-მა სავალუტო ინტერვენცია 3-ჯერ განახორციელა და მთლიანად 30 მლნ დოლარი შეისყიდა.
როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს. თუმცა დღეს სებ-მა ბაზრიდან დოლარი მაშინ ამოიღო, როცა წინა დღეებში მკვეთრად გაუფასურებულმა ლარმა მცირედით გამყარება დაიწყო.