ბიუჯეტის დეფიციტის შეზღუდვა ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო ვალის შემცირებას, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთესად დაუჭიროს მხარი ეკონომიკას, გაუთვალისწინებელი შოკური პირობების შემთხვევაში,- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე - როგორ აფასებდა ის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს? - ფრანსუა პეშომ განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრებით დათვლილი დეფიციტი მშპ-ს 2.3%, ეს მშპ-ს 0.5%-ით ნაკლებია იმაზე, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით იყო გათვალისწინებული.
„დავიწყებ იქედან, რომ 2018 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრებით დათვლილი დეფიციტი მშპ-ს 2.3%. ეს მშპ-ს 0.5%-ით ნაკლებია იმაზე, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით იყო გათვალისწინებული. დეფიციტის შემცირების მიზეზებია მოსალოდნელზე მაღალი საბიუჯეტო შემოსავლები და ზოგიერთი უცხოეთიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დაგვიანება. 2019 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრებით დათვლილი დეფიციტი მშპ-ს 2.6% იქნება. ამაში გათვალისწინებულია სოციალური ხარჯების ზრდა, რაც ხელს შეუწყობს ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსებას, ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდას, რაც თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს შემდგომ პერიოდში. ბიუჯეტის დეფიციტის შეზღუდვა ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო ვალის შემცირებას, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთესად დაუჭიროს მხარი ეკონომიკას გაუთვალისწინებელი შოკური პირობების შემთხვევაში“, - განაცხადა ფრანსუა პეშომ.