"ბიუჯეტის მაღალი ზრდა სიღარიბის შემცირებას ხელს შეუწყობს"

დღეს, როდესაც ჩვენს მოსახლეობას უჭირს და სოციალური საკითხები მათი უმთავრესი საზრუნავია, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი ჩვენი თანამოქალაქეების მოთხოვნებს პასუხობს,- განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ქვეყნის უმთავრესი ფინანსური დოკუმენტი იხილება.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მომავალ წელს სახელმწიფო 2018 წელთან შედარებით, 630.5 მლნ ლარით მეტს დახარჯვს, ბიუჯეტის გადასახდელების სრული მოცულობა კი 13 მლრდ 90 მლნ ლარს მიაღწევს.

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტია. მხოლოდ განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სფეროებისთვის გათვალისწინებულია 5 მლრდ 562 მლნ ლარი, რაც ფუნქციონალური კლასიფიკაციით გათვალისწინებული მთლიანი თანხების 47,2%-ს შეადგენს“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე დიდი მხარჯავი დაწესებულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, რომლის დაფინანსება 3 მლრდ 968 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული ასიგნებების უდიდესი ნაწილი მიემართება სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის, მათ შორის, გაზრდილი პენსიების, შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვების, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისა და მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის დაფინანსებისთვის.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები მომავალ წელს 174.8 მლნ ლარით გაიზრდება და 2 მილიარდ ლარს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანი რესურსები გამოიყოფა ბიზნესგარემოს, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისათვის.

„ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მთლიანი ასიგნებების მაღალ ზრდას, ოპტიმიზაციასა და გამჭვირვალეობას, მეორე მხრივ, საინვესტიციო გარემოს ფინანსურ ხელშეწყობას, კაპიტალური პროექტების, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის ასიგნებების ზრდას, შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.