„რეზონანსი" - ვალებისგან გათავისუფლებულ „გაშავებულ" ადამიანებს 5 წელი სესხს არ მისცემენ

ვალების განულებიდან სულ მალე მსესხებლები შესაძლოა, ახალი სასესხო ვალდებულებებით დაიტვირთონ.

არანაირი გარანტი არ არსებობს, რომ ისინი კრედიტის აღებას კვლავ არ შეეცდებიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მართალია, „კრედიტინფოს" ბაზა მათ შესახებ ინფორმაციას მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეინახავს და ბანკები ამ ადამიანებს სესხს არ მისცემს, მაგრამ ისინი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მომსახურებით ისარგებლებენ.

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ პირველ ეტაპზე ისინი თანხის მიღებას საფინანსო სექტორის გვერდის ავლით, სანაცნობო წრეებში შეეცდებიან და კიდევ უფრო დაიტვირთებიან „პირადი ვალებით", რამაც შეიძლება, კრიმინოგენული სიტუაცია შექმნას. ისინი ფიქრობენ, რომ ვალების განულება ხდება უთანასწორო მეთოდით, რამდენადაც ყველას არ შეეხო და ჩამოეწერა მათაც, რომლებსაც საკმაოდ დიდი მოცულობის სასესხო ვალდებულებები ჰქონდათ.

როგორც ბანკების ასოციაციის თავმჯორმარე ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ვალების ჩამოწერა შესაძლოა, დიდი მოცულობის სესხებსაც შეხებოდა, თუმცა საუბარია ხანდაზმულ სესხებზე. ამის შესახებ მან „ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ხანდაზმული და დიდი მოცულობის სესხებიც ფონდმა „ქართუმ" შეისყიდა თუ კომერციულმა ბანკებმა" „აპატიეს" მსესხებლებს.

„შესაძლოა, მოხდეს ხანდაზმული, დიდი მოცულობის სესხების პატიებაც, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება მიჭირს, რადგან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ თუკი მოქალაქემ საკუთარი თავი ვალების განულების ვებ-გვერდზე აღმოაჩინა, მას სესხის მოცულობის განურჩევლად დავალიანება გაუნულდება", - აღნიშნა მან.

ფინანსისტების შეფასებით, სესხების განულებით ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში რეალურად ვერ მოგვარდება, რადგან დიდია რისკი, რომ ეს ადამიანები სასესხო ვალდებულებებით მომავლაშიც დაიტვირთონ.

„კრედიტინფოში" მათ შესახებ ჩანაწერი 5 წელი დარჩება. ამ ხნის განმავლობაში ისინი სესხს, ფაქტობრივად, ვერ აიღებენ. შემდეგ, თუკი შემოსავალი გაეზრდებათ, პრობლემა არ შეექმნებათ. ეს არ ნიშნავს, რომ მეორედ არ აიღებენ სესხს, პირიქით, აუცილებლად შეეცდებიან, ისევ ახალი სასესხო ვალდებულებები წამოიკიდონ და ისევ გაჩნდება პრობლემა.

თუ ფიქრობთ, რომ ერთჯერადი აქტით ჩვენ ამ ხალხს ცხოვრების ახლიდან დაწყების საშუალება მივეცით, ასე ნამდვილად არ არის. პირიქით, ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ შეგნებულადაც არიდებდნენ თავს სესხის გადახდას, მივეცით საშუალება, რომ მათ შემდგომ კიდევ დაუშვან შეცდომა და დაიტვირთონ ვალებით.

ძალიან მაინტერესებს, საბანკო დაკრედიტება როგორ წავა ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით - არაუზრუნველყოფილ სესხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ძალიან შემცირდება. მიკროსაფინანსოებს რაც შეეხება, მათი რაოდენობა ისედაც მკვეთრად იკლებს. არ მგონია, რომ ისინი ხელმეორედ წავლენ რისკზე და კვლავ დაიწყებენ არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემას.

გაუმართავია სასამართლო სისტემა, როცა მოსამართლეები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ შინაგანად არიან უარყოფითად განწყობილი, მსესხებლის ინტერესს სრულად იცავენ და ჭირს მათი საშუალებით სესხების ამოღება. აქედან გამომდინარე, საეჭვოა, რომ მათ კვლავ გასწიონ რისკი", - აცხადებს „რეზონანსთან" ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე და დასძენს, რომ ქვეყანაში სესხის აღების კულტურა არ არის და ეს ვითარება ვერც მომავალში გამოსწორდება.

„ჭარბვალიანობა ქვეყანაში რომ არ იყოს, უნდა არსებობდეს სესხის აღების კულტურა. სამწუხაროდ, ადამიანებმა არ იციან, როგორ მართონ თავიანთი ვალდებულებები. ჭარბვალიანობის პრობლემა მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანებს არ აქვთ შემოსავალი და სავალუტო კრიზისი კიდევ უფრო ამცირებს მათ გადახდისუნარიანობას.

ვფიქრობ, პროგრამაში მონაწილე მსესხებლები შემდეგშიც აუცილებლად ისესხებენ ფულს ან ახლობლისაგან, ან მეზობლისაგან და ექნებათ პირადი ვალები, რაც შემდეგ კრიმინალში გადავა. მით უმეტეს, რომ ქვეყანას 90-იანი წლები აქვს გამოვლილი, აქვს კრიმინალისადმი მიდრეკილება და ეს რისკი კიდევ შეიძლება, დადგეს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გასცემენ სესხებს და ურჩი გადამხდელების მიმართ ამოღების არაჰუმანურ მეთოდებს იყენებენ. სწორედ ასეთ სუბიექტებს უნდა მიხედოს სახელმწიფომ და არა – მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, როცა მევახშეობის პრობლემა არ არის მოგვარებული", - ამბობს ბერძენაძე.

ვალების განულების პროგრამას „ფინანსური განათლების ცენტრის" დირექტორი გიორგი კეპულაძე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:

„სესხების განულების აქციის შემდეგ ისინი, ვინც ვალიდან ამოვლენ, „კრედიტინფოს" ბაზაში მაინც დარჩებიან. სრულად ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ მხოლოდ 5 წლის შემდეგ წაიშლება, ანუ კრედიტის გამცემ ორგანიზაციებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია იმ მსესხებლების შესახებ, ვისაც 2018 წლის დეკემბერში კრედიტი ეპატიათ. შესაბამისად, გადაჭარბებული მგონია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვალიდან ამოსული ადამიანები აქტიურად ჩაერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში, რადგან ისინი ბანკებისათვის მაინც ყველაზე სარისკო მსესხებლები იქნებიან", - აღნიშნა კეპულაძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"