თბილისში მდებარე საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფის ტენდერში განცხადების მიღება დასრულდა.
ტენდერზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ნილმა“ შეიტანა, შესაბამისად, ის ბაღების კვებით მომარაგების ტენდერში, წინა წლების ანალოგიურად, ისევ უკონკურენტოა.
თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფაზე ტენდერები 4 დეკემბერს გამოაცხადა, განცხადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყო და გუშინ დასრულდა. შესყიდვას უწყება ორ ლოტად ახორციელებს.
ერთის ღირებულება 27,9 მილიონი, მეორისა კი 10,5 მილიონი ლარია. ლოტებად დაყოფის პრინციპი ბაღების განლაგებაა.
პირველი ლოტის ფარგლებში შესყიდვა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული 145 საბავშვო ბაღისთვის მოხდება, მეორე ლოტის ფარგლებში კი - მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული 73 ბაღისთვის.
პირველ ლოტზე - მარცხენა სანაპიროს ბაღებზე „ნილის“ შეთავაზებული თანხა არის 27,6 მლნ ლარს შეადგენს, მეორე ლოტზე კი 10,4 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, რომ შპს „ნილი“ ერთ-ერთია იმ სამი კომპანიიდან, რომელსაც გასულ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამის მიუხედავად, საბავშვო ბაღებს საკვებით ამ დროისთვისაც აღნიშნული კომპანია ამარაგებს.