ფრანსუა პეშო - ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრების დონეს მხოლოდ 20 წლის შემდეგ მიუახლოვდება

„საქართველოში უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრება მისასალმებელი ნაბიჯია“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივწარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ განაცხადა.

- პარლამენტში გადის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი. როგორ აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ პროექტს?

- დავიწყებ იქედან, რომ 2018 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრებით დათვლილი დეფიციტი მშპ-ს 2.3%-ია. ეს მშპ-ს 0.5%-ით ნაკლებია იმაზე, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით იყო გათვალისწინებული. დეფიციტის შემცირების მიზეზებია მოსალოდნელზე მაღალი საბიუჯეტო შემოსავლები და ზოგიერთი უცხოეთიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დაგვიანება. 2019 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის განსაზღვრებით დათვლილი დეფიციტი მშპ-ს 2.6% იქნება. ამაში გათვალისწინებულია სოციალური ხარჯების ზრდა, რაც ხელს შეუწყობს ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსებას, ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდას, რაც თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს შემდგომ პერიოდში. ბიუჯეტის დეფიციტის შეზღუდვა ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო ვალის შემცირებას, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთესად დაუჭიროს მხარი ეკონომიკას გაუთვალისწინებელი შოკური პირობების შემთხვევაში.

- თქვენ რამდენიმე კვირის წინ გამართეთ პრეზენტაცია ჩვენ რეგიონში ეკონომიკური მოლოდინების შესახებ. კიდევ ერთხელ, როგორ აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეგიონის და ასევე კონკრეტულად საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას?

- ძირითადი მესიჯები შემდეგია. რეგიონში მატულობს ეკონომიკური აქტივობა 2014-2016 წლებში ზრდის ტემპის შესუსტების შემდეგ. 2018-2019 წლებში რეგიონის ეკონომიკები 4%-ით გაიზრდება. საქართველოში ჩვენ ველოდებით 5%-იან ზრდას 2018 წელს, ხოლო 2019 წელს კი 4.6%-იან ზრდას,რაც ეტაპობრივად გაიზრდება და 5.2%-ს მიაღწევს შემდეგ პერიოდში. საერთაშორისო ვაჭრობასა და გეოპოლიტიკაზე მოქმედი რისკები გაიზარდა, გლობალური ხელმისაწვდომობა ფინანსებზე შედარებით შეზღუდულია და აქტივების ფასები გაზრდილია. საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას დაიცავს შესაძლო უარყოფითი საგარეო შოკებისგან. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ვხედავთ რეგიონში ეკონომიკის ზრდას, ეს არ არის საკმარისი. არსებული ზრდის ტემპით, რეგიონში ცხოვრების სტანდარტი აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრების დონეს მხოლოდ შემდეგი 20 წლის შემდეგ მიუახლოვდება. ცხოვრების მაღალი სტანდარტის მიღწევა მხოლოდ სტრუქტურული რეფორმების განხორცილებით შეიძლება, რაც კერძო სექტორს საშუალებას მისცემს თავისი ზრდის პოტენციალის რეალიზება მოახდინოს.

- მოგეხსენებათ, რომ საქართველოში უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრება განიხილება. რამდენად გონივრულია ეს ნაბიჯი? როგორია ფონდის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?

- საქართველოში უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრება მისასალმებელი ნაბიჯია. ამჟამად უფილტრო სიგარეტზე გადასახადის ნაკლები ტვირთი მოდის ვიდრე ფილტრიანზე. შედეგად, ხალხი მეტ უფილტრო სიგარეტს ეწევა. ამას კი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა აქვს ხალხის ჯანმრთელობაზე და ზრდის ჯანდაცვის ხარჯს. ფაქტობრივად ჯანდაცვაზე იხარჯება თამბაქოს აქციზიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი. გადასახადის განაკვეთის გათანაბრება ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე დადებით შედეგს მოუტანს მოსახლეობის ჯანმრთელობას და დროთა განმავლობაში შეამცირებს ხარჯს ჯანდაცვაზე. მეტიც, აქციზის ზრდა უფილტრო სიგარეტზე მოიტანს დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს, რაც საჭიროა პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად: ჯანდაცვის რეფორმისთვის, პენსიების ზრდისთვის და ბავშვთა შემწეობებისთვის.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად არის საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენცია და როგორ შეაფასებდით იმ რეგულაციებს, რომელიც პირველი იანვრიდან საფინანსო სექტორზე გავრცელდება?

- თქვენი კითხვა პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ეხება. მივიჩნევთ, რომ რეგულაციის მიზანი სათანადოა. მისი მიზანი ჭარბი დავალიანების შემცირებაა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს კრედიტების ნაკლებ ზრდას, რასაც დროებით ნეგატიური გავლენა ექნება შიდა მოთხოვნის ზრდაზე. საერთო ჯამში, მივიჩნევთ, რომ ეს სათანადო პოლიტიკაა.

- პირველი იანვრიდან თითქმის სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდება და 40 წლამდე დასაქმებულისთვის მასში ჩართვა სავალდებულო იქნება. როგორ შეაფასებთ ამ რეფორმას?

- მივიჩნევთ, რომ საპენსიო რეფორმა კარგი ნაბიჯია. ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ რეფორმას და ის ჩართული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში. ნება მომეცით აგიხსნათ, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საპენსიო რეფორმას. პირველ რიგში, მომავალში ეს ხელს შეუწყობს პენსიონერების ცხოვრების დონის გაზრდას. საქართველო ამჟამად განიცდის მიმდინარე ანგარიშის დიდ დეფიციტს, ანუ დისბალანსია შიდა ინვესტიციებსა და შიდა დანაზოგებს შორის. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა დანაზოგების მხარდაჭერით ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და გარე დაუცველობის შეზღუდვას. საპენსიო რეფორმა ასევე შეუწყობს ხელს ქართველების დანაზოგების დივერსიფიცირებას. ასევე შეამცირებს ფინანსურ რისკებს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი სასესხო კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

- არის თუ არა ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა და რითია გამოწვეული?

- ჭარბვალიანობის მოგვარების ერთ-ერთი გზა პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პასუხისმგებლიან დაკრედიტებას, იმ რეგულაციას, რომელიც 2019 წელს ამოქმედდება, ვინაიდან მისი მიზანი სათანადოა და მიმართულია ჭარბვალიანობის შეზღუდვაზე მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს.

კახა დგებუაძე

„ინტერპრესნიუსი“