2018 წლის 14 დეკემბერს ორგანიზაციის - „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისში, სასატუმრო „ბილტმორში“ დაგეგმილი ბიზნეს-კონფერენცია - „ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში“ გადაიდო.
„ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“-ს პრეზიდენტის მოჰამმად ხალეყის ინფორმაციით, კონფერენციის გადადების მიზეზი ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის გახშირებული ფაქტები გახდა.
„14 დეკემბრის კონფერენციისთვის ირანიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ ირანელი ინვესტორები კონკრეტული საინვესტიციო გეგმებით და მიზნებით. მათგან ორი ბიზნესმენი გუშინ, 11 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს. მოგეხსენებათ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ოფიციალურად მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, ვიდრე არსებული გეუგებრობა არ გაირკვევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი ინფორმაციით, კონფერენციას ვერ დაესწრებოდა საქართველოში ირანის ელჩი ბატონი აბას თალები-ფარი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ კონფერენცია და დაველოდოთ, ორი ქვეყნის ოფიციალურ უწყებებს“, - აცხადებს კავშირის პრეზიდენტი.
მოჰამმად ხალეყის თქმითვე, „ირანელ ინვესტორთა კავშირის“ მიზანია, ქართველ და ირანელ ბიზნესმენთა ურთიერთობის ხელშეწყობა; ირანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოში ინტეგრაციის და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; საქართველოში ინვესტორების მოზიდვა; ინვესტორებისა და ბიზნესმენების უფლებების დაცვა და ა.შ.