კავკასიის რეგიონში ტყეებთან დაკავშირებული ცოდნის გაზრდის მიზნით, გაეროს ეკონომიკური მისია ევროპისათვის (UNECE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახალ პუბლიკაციაზე მუშაობენ.
ნაშრომი „ტყეების მდგომარეობა კავკასიასა და ცენტრალური აზიაში“, ტყესა და ტყის მართვას ეხება და მასში განხილულია: რეგიონის ქვეყნების ინსტიტუციური სტრუქტურები, ტყის რესურსების მდგომარეობა და მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
„ეროვნული სააგენტოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც 1988 წლით თარიღდება, შედარებულია უახლეს მონაცემებთან, რაც დაეხმარება სახელწიფოებს ტყის რესურსებთან დაკავშირებული რეალური სურათის დადგენაში“ - განმარტავს კიტ პრინსი, კვლევის წამყვანი სპეციალისტი. კვლევის მენეჯერი რომან მიჩალაკისი კი დასძენს, რომ: „აღნიშნული კვლევის გამოყენებით, მთავრობებს შეეძლებათ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ტყეებისა და ტყითსარგებლობის შესახებ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე.“
პუბლიკაცია და მასში შესული საკითხები განხილული იყო თბილისში, ექპერტთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს გარდა 7 სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ქვეყნების დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, სატყეო სექტორში განვითარებული ტენდენციები და საჭიროებები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
ექსპერტთა სამუშაო შეხვედრის ფარგლებშივე განხილული იყო „FAO-ს მსოფლიო ტყეების შეფასების 2020 წლის ანგარიში“. კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების წარმომადგენლებმა FAO-ს და UNECE-ის მოწვეული საერთაშორისო ექპერტებისგან კვალიფიციური მითითებები მიიღეს, მათ ქვეყნებში არსებული მონაცემებისა და საჭიროებების გაანალიზებისას.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარებული იყო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტყეების მდგრადი განვითარებისა და მენეჯმენტის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს FAO-ს და UNECE-ის თანამშრომლობის პროგრამას.