2018 წელს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები ძირითადად გაუმჯობესდა, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით გაუარესდა.
ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები და მათ დინამიკა PMC Research Center-მა მიმოიხილა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ 2018 წლის რეიტინგში საქართველომ 140 ქვეყანას შორის 66-ე პოზიცია დაიკავა. 2010 წლიდან, 2018 წლის ჩათვლით კი (ერთი წლის გამოკლებით), საქართველოს პოზიციები „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ უმჯობესდებოდა.
ამასთან, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია შრომის ბაზრის ინდიკატორში უკავია (31-ე ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი - ბაზრის მოცულობის ინდიკატორში (102-ე ადგილი).
რაც შეეხება მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების სიმარტივის” 2019 წლის რეიტინგს, საქართველომ 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. აქაც საქართველოს პოზიცია 2016 წლიდან უმჯობესდება. 2019 წლის ინდექსში კი, 2018 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა.
2019 წლის საქართველოს “ბიზნესის კეთების სიმარტივის” რეიტინგში ყველაზე კარგი პოზიცია ბიზნესის დაწყების ინდიკატორში უკავია (მე-2 ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი - გადახდისუუნარობის შეფასების ინდიკატორში (მე-60 ადგილი).
2018 წლის „გლობალური ინოვაციების ინდექსში“, 126 ქვეყანას შორის, საქართველომ 59-ე ადგილი დაიკავა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2014-2016 წლებში საქართველოს რეიტინგი „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ უმჯობესდებოდა, თუმცა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 4 ადგილით გაუარესდა. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნულ რეიტინგში 9 ადგილით გაუმჯობესდა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
2018 წელს საქართველოს “გლობალური ინოვაციების ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია ინსტიტუტებსა და ბაზრის განვითარებაში უკავია (39-ე ადგილი), ყველაზე ცუდი კი, ბიზნესის განვითარების ინდიკატორში (91-ე ადგილი).
ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის “გლობალური ინოვაციების ინდექსში” 2018 წელს საქართველო ლიდერობს (59-ე ადგილი).
მსოფლიო ბანკის 2018 წლის „ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში“ საქართველომ 160 ქვეყანას შორის 119-ე ადგილი დაიკავა (2.44 ქულა). რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შედეგი 2018 წელს, 2016 წელთან შედარებით, 11 ადგილით გაუმჯობესდა. 2018 წელს საქართველოს “ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია საბაჟო და სასაზღვრო გაფორმების ეფექტიანობის ინდიკატორში უკავია (95-ე ადგილი), ყველაზე ცუდი გზავნილებზე თვალყურის დევნების და კვალდაკვალ მიყოლის შესაძლებლობაში (139-ე ადგილი).
აღსანიშნავია, რომ ადამიანური კაპიტალის ინდექსი მოიცავს სამ კომპონენტს, რომელიც აერთიანებს 5 ინდიკატორს. მსოფლიო ბანკის 2018 წლის „ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში“ საქართველომ 160 ქვეყანას შორის 119-ე ადგილი დაიკავა (2.44 ქულა). საქართველოს შედეგი 2018 წელს, 2016 წელთან შედარებით, 11 ადგილით გაუმჯობესდა.
მსოფლიო ბანკის “ადამიანური კაპიტალის ინდექსში” 2018 წელს, 157 ქვეყანას შორის საქართველომ 61-ე ადგილი დაიკავა და 0.61 ქულა აიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 2018 წელს დაბადებული ბავშვი, ზრდასრულ ასაკში, სრული განათლების და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 61%-ს მიაღწევს.
რაც შეეხება ჰარმონიზებული ტესტური შეფასების ქულებს, 625 ქულიდან საქართველოში მოსწავლეები იღებენ 445 ქულას. აღნიშნული ინდიკატორით საქართველო ინდექსში 61-ე ადგილს იკავებს. ამასთან, საქართველოში 100 ბავშვიდან 89 შეფერხების გარეშე ვითარდება, 15 წლის ასაკის ბავშვების 85% მიაღწევს 60 წლის ასაკს.
აღნიშნული ინდიკატორის მიხედვით საქართველო ინდექსში 90-ე ადგილზეა.