ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ პორტის კომერციულმა დირექტორმა ილიას მუკატოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი ინფორმაციით, ინვესტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მშენებლობის თარიღი მალე გახდება ცნობილი.
დირექტორის თქმით, პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა გაიზრდება. მისივე ინფორმაციით, ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.
„მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია. ჩვენ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს არის ის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსკავკასიური დერეფნის დამატებით ტვირთის მოზიდვას. წელიწადში 1 200 000 ტონა კარბამიდის დამუშავება თანამედროვე შიდა ტერმინალის საშუალებით მოხდება. პროექტი დამაკმაყოფილებელია ყველა გარემოსდაცვითი სტანდარტის და წესის მიხედვით. პროექტში ჩართულია ტრანსნაციონალური კომპანიები, ასევე საერთაშორისო ტრეიდერები",- განაცხადა ილიას მუკატოვმა.
შეგახსენებთ, რომ ტერმინალის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აპროტესებს და აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, ტერმინალის მშენებლობა გარემოზე უარყოფითად აისახება.