პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის განხორციელება.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებაზე გუნდში მსჯელობა იყო და ორ კოლეგას ვთხოვეთ კანონპროექტის ინიცირება მოეხდინათ. გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო და დღესაც არის. პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია რეორგანიზაციის განხორციელება. ბიუჯეტის გათვალისწინებით, შტატების რაოდენობა იცვლება - გაბერილი იყო შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გათვალისწინებული 140 შტატისა, ბიუჯეტის გათვალისწინებით, 60 შტატი იქნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად. რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისახავდა მიზნად კანონპროექტი, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის განხორციელება შესაძლებელია ამ ცვლილებების გარეშეც. ადამიანები, ვინც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ისინი უნდა დარჩნენ ამ სტატუსით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გაგრძელდება მსჯელობა. მსჯელობაზე როცა ვსაუბრობ, გადაწყვეტილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ან იღებ ან გაიწვევ. ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, როგორც ჩვევიათ ოპონენტებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. კრიტიკას მივესალმებით, რადგან სწორი აზრი ყალიბდება. რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს. რეორგანიზაცია გარდაუვალია და თითოეული თანამშრომლის სტატუსი უნდა განისაზღვროს, თითოეულ მათგანს პროფესიული სტატუსი ექნება, ვიღაცა ხელშეკრულებით დასაქმებული იქნება. მომავალ პრეზიდენტს არ შეეშლება რეორგანიზაციის განხორციელება, თუ დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად იმოქმედებს, საჭირო არ არის ამ კანონის მიღება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.