ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების წლის მიწურულს, პარლამენტის ბოლო სასესიო კვირას შეტანა, ცაიტნოტში აყენებს როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს და მის მნიშვნელობას აკნინებს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომელზეც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები იხილება.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვითი ნაწილის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ფინანსთა სამინისტროს ეკისრება და ეს ფინანსთა მინისტრმა, როგორც მთავრობის წევრმა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
ამასთან, ირაკლი კოვზანაძის თქმით, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, ისე შესრულების პროცესში, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ ასიგნებებს.
„მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვთხოვო, რომ ბიუჯეტის კანონპროექტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განხილვის პროცესში, სადაც ყველა სახის პოზიციების შეჯერება უკვე ხდება, მომხსენებლად დაინიშნოს სწორედ, ფინანსთა მინისტრი და არა მისი მოადგილე, ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, წარმოდგენილი კანონპროექტით, 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 5%-ით განისაზღვრა (4,5%-ის ნაცვლად), ნომინალური მშპ 951,4 მლნ ლარით იზრდება და 41 მლრდ 527,2 მლნ ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 0,5%-ით შემცირდა და 2.3% -ით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის ბიუჯეტში შემოსულობები 17.2 მლნ ლარით გაიზარდა და 12 მლრდ 467,9 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გადასახდელები - 31,6 მლნ ლარით, 12 მლრდ 491,1 მლნ ლარით განისაზღვრა.
„წარმოდგენილი პროექტით, 250 მლნ ლარით შეუმცირდა ასიგნებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც საგზაო პროექტების (რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების) გადავადებამ განაპირობა. აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და მოსამზადებელი სამუშაოების სირთულით. დევნილთა განსახლების ღონისძიებების დაფინანსება იზრდება 45 მლნ ლარით; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები 17.5 მლნ ლარით გაიზარდა, აქედან, 10 მლნ ლარი სასწავლო გრანტების დაფინანსებაზე მიემართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.