მოქალაქეები, რომლებიც თბილისში საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირევებენ, წყლის გადასახადს არასაყოფაცხოვრებო ანუ ე.წ. კომერციული ტარიფით გადაიხდიან.ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ამ ადამიანებზე აღნიშნული წესი სემეკის მიერ ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე გავრცელდება. სალომე ვარდიაშვილი მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ საკითხის განხილვა აუცილებლად სასამართლოში გაგრძელდება.
„სემეკის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. სხდომაზე კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა ამ ტიპის მომხმარებლებისთვის განსხვავებული ტარიფის შემოღებაზე და შესაბამისი ცვლილება შევა ნორმატიულ აქტში, თუმცა ამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის დასრულებამდე სემეკმა „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერს“ მისცა უფლება, რომ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბინას დღიურად აქირავებენ, გავრცელდეს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი“, -განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
მისი განმარტებით, მომხმარებლებსა და მარგულირებელ კომისიას შორის მხოლოდ ერთ ნაწილში მოხდა შეთანხმების მიღწევა, ესაა ჯარიმებისა და დარიცხული დავალიანების ჩამოწერა, რაც GWP-მ საკუთარი ნებით გააკეთა.
„ამ ფაქტს დადებითად ვაფასებთ, სხვა ნაწილში კი ჩვენ მოგვიწევს დავა სასამართლოში და აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დაწესება არის უსაფუძვლო. ამასთან, უმჯობესი იქნებოდა, რომ ახალი რეგულაციების შემოღებამდე კომპანიას წყლის გადასახადის დარიცხვა გაეგრძელებინა საყოფაცხოვრებო ტარიფით, მითუმეტეს, რომ არცერთი მომხმარებელი მრიცხველის დამონტაჟების წინააღმდეგი არ იყო“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
სემეკმა რამდენიმე ზეპირი მოსმენით განიხილა იმ მოქალაქეების სარჩელი, რომლებიც წყლის მომწოდებელ კომპანიას გადასახადის საყოფაცხოვრებოს ნაცვლად, კომერციული ტარიფით დარიცხვაში ედავებოდნენ. ამასთან, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ გადაწყვეტილებით, კომპანიის მიერ დაჯარიმებულ ყველა პირს დავალიანება ჩამოეწერა. თავის მხრივ კი მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო მუშაობა ახალ ნიორმატიულ აქტზე, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროებს ე.წ. ჰიბრიდულ გადასახადს დაუწესებს.
„საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ეს პრობლემა ძალიან მწვავედ ეხება ჩვენს თანამოქალაქეებს. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონმდებლობაში ფართომასშტაბიანი ცვლილებები მიიღოს. დასადგენია, როგორ უნდა იხდიდნენ წყლის გადასახადს საოჯახო ტიპის სასტუმროები, სადაც გამქირავებლები თავადაც ცხოვრობენ. ვფიქრობთ, მესამე ტიპის, ერთგვარი „ჰიბრიდული“ ტარიფი იქნება შემოღებული. ისეთი, რომელიც ორი მომხმარებლის გამიჯვნას შეძლებს და მოიცავს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფსაც. ანუ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ მათ ინდივიდუალურად გადაიხადონ ის ნაწილი, რაც თვითონ მოიხმარეს საყოფაცხოვრებო ტარიფით და თუ ყავთ სტუმრები, რომელთაგანაც იღებენ ფინანსურ სარგებელს, მათ მიერ მომხარებული წყლის ტარიფს გადაიხდიან არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამის აღრიცხვას გააკეთებს თავად GWP და მომხმარებლის ვალდებულება იქნება მრიცხველის დამონტაჟების მიზნით, მიმართოს კომპანიას.“-აღნიშნა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა.
მისივე განმარტებით, დღეისათვის გვაქვს მოცემულობა, რომ კომისიაში საკითხის გადასაწყვეტად დაწყებულია მსჯელობა.
„არის შემოთავაზებული ფართის მიხედვით დარიცხვაც, დაახლოებით თვენახევარში დარეგულირდება საკითხი და ყველა მომხმარებელი, რომელიც ბინას დღიურად აქირავებს, შეძლებს ისარგებლოს ახალი რეგულაციებით.“- განმარტა სემეკის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც თბილისში საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირავებენ, წყლის მომწოდებელ კომპანიას GWP-ს მარეგულირებელ კომისიაში ოქტომბრის ბოლოს უჩივლეს. მიზეზი წყლის გადასახადის საყოფაცხოვრებოს ნაცვლად კომერციული ტარიფით დარიცხვა და დაკისრებული ჯარიმები იყო. მოქალაქეებისა და ენერგოომბუდსმენის პრეტენზიებს არ იზიარებდნენ კომპანიაში და აცხადებდნენ, რომ ყველა იმ ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, რომელიც კომერციულ საქმიანობას ახორციელებს, შესაბამისი გადასახადი უნდა გადაიხადოს.
დღეისათვის საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო ასასაყოფაცხოვრებო 4 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს. ამ ეტაპზე უცნობია, ახალი ნორმატიული აქტის ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულად რა თანხას გადაიხდიან ის მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირავებენ.
ქრისტინე გამთენაძე