საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 9 785 000 დოლარის გრანტი გამოიყოფა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მუნხტუია ალტანგერელმა მოაწერეს.

როგორც  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, დაცული ტერიტორიების გაძლიერებისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 9 785 000 აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) 1,826,484 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

უწყების ინფორმაციით, პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ითვალისწინებს 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას. კერძოდ, პროგრამის სამიზნე ტერიტორიებია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორია, მაჭახელას ეროვნული პარკი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.

„აღნიშნული გრანტი ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საკონსულტაციო მომსახურება, სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინვენტარის შეძენა და სხვა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის განვითარებას, რაც გააუმჯობესებს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, პროექტი 5-წლიანია და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდისა (СNF) და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.