საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროტესტო აქციების გამო ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა

საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა 2018-2019 წლის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა.

„ყვითელი ჟილეტების“ აქციების გამო საფრანგეთში ზრდის მაჩვენებელლმა 1,6-დან 1,4%-მდე დაიწია. ამის შესახებ Agence France-Presse წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერში ბანკმა საფრანგეთის მშპ-ს ზრდა 2018-2019 წლისთვის 1,6%-ზე დაადგინა. თუმცა ეკონომიკურ სექტორებში აქტიურობის შენელების შედეგად, რომელიც სწორედ „ყვითელი ჟილეტების“ აქციებმა გამოიწვია, ბანკმა 2018 წლის მეოთხე ფინანსურ კვარტალში ეს მაჩვენებელი 0,4%-დან 0,2%-მდე დასწია. მომავალი წლის პროგნოზში კი გათვალისწინებულია მცირე „ნახტომი“, თუმცა მასში ამ დრომდე არ არის ასახული ის ეფექტი, რომელიც უნდა გამოიწვიოს ემანუელ მაკრონის მიერ გაცხადებულმა გეგმებმა.

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების გაცემის გამო, რომლებსაც ისინი თანამშრომლებს გადაუხდიან წლის ბოლოს.

კოკა კვირკველია