„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ცნობით, ანაკლიის პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას საჯარო და კერძო უწყებების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თუ საუკუნის პროექტის მშენებლობითა და პროგრესით დაინტერესებული პირები დაესწრნენ, სადაც ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის მენეჯმენტმა ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა და პროექტის განვითარებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.
„ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგვაჩნია როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე დიდი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და გავლენიანი პოლიტიკური წრეების საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას“, - განაცხადა ანაკლიის პროექტის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.
„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა შავ ზღვაზე, რომელსაც არ გააჩნია ღრმაწყლოვანი პორტი და შავ ზღვაზე შემოსული საკონტეინერო გემების 75 % შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ შემოდის საქართველოში. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უზრუნველყოფს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ჩვენი ქვეყანა შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გააჩნია“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
„ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა იქნება ადგილი, სადაც ქართველ და საერთაშორისო კომპანიებს ექნებათ საშუალება განათავსონ საკუთარი საწარმოები, საწყობები და სხვა ტიპის სამრეწველო ინფრასტრუქტურა. ზონა სრულიანდ ინტეგრირებული იქნება საზღვაო, საგზაო და სარკინიგზო ინფრასატრუქტურასთან, ასევე ექნება სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი და საგადასახადო შეღავათები. კომპანიებს დახვდებათ წინასწარ მომზადებული ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა: გზები, ელექტრონერგია, გაზი, წყალი, საკანალიზაციო სისტემები, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები”, - აღნიშნა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, შეხვედრაზე 2019 გეგმებზეც ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, იანვარში სრულდება ტენდერი, რომელშიც წამყვანი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობენ და მალე ცნობილი იქნება ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. ამ დროსთვის დასრულდა მასშტაბური საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი და უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე ამოტუმბა და ხმელეთზე განათავსა 5 მილიონი კუბური ქვიშა. რეკლამაციასთან ერთად დასრულდა წამყვანი ჰოლანდიური კომაპანია „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი და პორტის ტერიტორია მომზადდა საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ზე მეტი ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.
პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.